Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
I ეტაპი - რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

​ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

​III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

​რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე https://www.emis.ge/

​რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

​IV ეტაპი

​IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

​მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

​პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:

​მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

​მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

​სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!

მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.

თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.

ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის!

წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად