მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის სხვადასხვა საგნის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული, როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო. დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა. ხუთივე ფინალისტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა 500 ლარით დააჯილდოვა. ინგლისური ენის საუკეთესო პედაგოგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინე ფორჩხიძე გახდა. მას ბრიტანეთის საბჭომ პლანშეტი გადასცა, ამერიკის საელჩომ კი ქინდლი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, გამარჯვებული კომისიის წევრებმა, მაია ტყემალაძემ და მანანა კაპეტივაძემ პროფესიული სახელმძღვანელოებით დააჯილდოვეს. გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგ ანნა შატიკაშვილს ერგო. გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიაში სტაჟირების პროგრამას დაუფინანსებს.
2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ლალი დალაქიშვილი დასახელდა, რომელიც მასწავლებლის სახლმა პროექტორით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა, გობუსტანის ნაკრძალში).
რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელის კონკურსის გამარჯვებული ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა კურტანიძეა, რომელიც „ედუ მედიატორმა“ პარფიუმერიის ნაკრებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა, გობუსტანის ნაკრძალში).
ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელად ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს. გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.