Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება...''

,,გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება...''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რემდესივირის საცდელი პარტიის შემოტანის გაგრძელებასთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ ,,გაამართლებს", ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო:

1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, ,,გაამართლებს" თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?

2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? - ,,ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა"

3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ.

4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შესაბამისი წესების დაცვით

5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, ,,მოუხდა" პაციენტს თუ არა?

6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ ,,გაამართლას"? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა
შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა?

როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად