Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეხსენება მასწავლებლებს!

შეხსენება მასწავლებლებს!

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია მასწავლებლებს დღეის ჩათვლით შეუძლიათ. eschool-ის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია 5 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. 

რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, წინა სემესტრში იყო თუ არა დარეგისტრირებული.

წარმოგიდგენთ მასწავლებლის სახლის რეკომენდაციებს გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით:

  • მასწავლებელი რეგისტრაციას გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი/საგნობრივი ჯგუფში, რომელსაც ასწავლის. რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ კლასი, რომელშიც სურთ გარე დაკვირვების გავლა და საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შერჩეულ კლასში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება. რეგისტრაციის დროს, შენიშვნის ველში ჩაწერეთ ონლაინ გაკვეთილების განრიგი, ასევე მიუთითეთ ის ელექტრონული პლათფორმა, რომელზეც ატარებთ გაკვეთილს.
  • თუ მასწავლებელი დასაქმებულია, ორ ან მეტ სკოლაში, გარე დაკვირვების ველი გაეხსნება მხოლოდ იმ სკოლაში, სადაც სქემაშია ჩართული. თუ სკოლის ცვლილება გსურთ, მიმართეთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
  • იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი წინა სასწავლო წელს უარყოფითად შეფასდა, რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა ატვირთოთ ხელმეორედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საბანკო რეკვიზიტები).
  • რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში აგესახებათ დაკვირვების პერიოდი. დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოთ 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი (იხ. გაკვეთილის გეგმის ფორმა).
  • გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ვაცნობებთ შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება.
  • იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.
  • ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.
  • დისტანციური დაკვირვების შემთხვევაში, გაკვეთილი შეფასდება ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკით. პირისპირ გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკას (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელებული ცვლილებებით უმოკლეს ვადაში მიღებთ სკოლებში.
  • გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

წაიკითხეთ სრულად