Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​განათლების მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებლებს სტატუსი აუმაღლდათ

​განათლების მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებლებს სტატუსი აუმაღლდათ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 6 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. ეს პედაგოგები არიან:

  • წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ​ტოლია კილასონია, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 
  • საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ​კობა ტალახაძე, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

  • ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მასწავლებელი ​კახაბერ ფარცვანია, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

  • ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებელი ​რუსუდან მინაშვილი, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

  • ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ​ზურაბ ჯუშოშვილი, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

  • ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელი ​გიორგი ლომიძე, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

წაიკითხეთ სრულად