Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უხსნის მამა შვილს ხელების დაბანის მნიშვნელობას - ნახეთ ვიდეო, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

როგორ უხსნის მამა შვილს ხელების დაბანის მნიშვნელობას  - ნახეთ ვიდეო, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მეცნიერებს ჯერ კიდევ არა აქვთ ბოლომდე შესწავლილი და მასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები პასუხგაუცემელია, ერთი რამ ცხადია - ხელების რეგულარული დაბანა ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

თუმცა პატარა ბავშვების დარწმუნებას, რომ ხშირად დაიბანონ ხელი საკმაო ძალისხმევა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელი ასწავლის ბავშვებს საბაზისო ჰიგიენას, შესაძლოა ბავშვებმა ვერ გააცნობიერონ, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირობებში თუ რატომ არის ხელების ხშირად დაბანა განსაკუთრებით აუცილებელი. 

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მამა შვილს ხელების დაბანის მნიშვნელობას უხნის. ნახეთ ვიდეო, რომელსაც სოციალურ ქსელში 1,3 მლნ. ნახვა აქვს და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
წაიკითხეთ სრულად