Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ფოთელ ძიძას, რომელიც ბავშვზე ძალადობდა, 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ფოთელ ძიძას, რომელიც ბავშვზე ძალადობდა, 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

„ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო 3ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?“ - აღნიშნულ პოსტს ფეისბუქში ბავშვის დედა მაია ეჯიბია აქვეყნებს. 

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 126-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები

წაიკითხეთ სრულად