Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, კოვიდს სულ ვერ გადაიტანს, ამიტომ აუცილებლად უნდა აიცრას,“ - კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი

„თუ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, კოვიდს სულ ვერ გადაიტანს, ამიტომ აუცილებლად უნდა აიცრას,“ - კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი

კარდიოქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებშიც მოქალაქეთა 80%-ზე მეტი აიცრა, ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ:

​ეს პანდემია ვერ დამთავრდება, თუ მოსახლეობამ არ დაიწყო აცრა. სკანდინავიის ქვეყნები, პორტუგალია, ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია 80%-ს გადასცდა დაუბრუნდნენ პრეკოვიდურ ცხოვრებას. აღარ არის ნიღაბი, არც არაფერი. უბრალოდ ტესტებს აკეთებენ და დარჩენილ მოსახლეობას ცრიან.“

ზვიად ბახუტაშვილის თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ადამიანმა უნდა გაიკეთოს:

„აცრით უნდა აიცრას ყველა. ჩემთან ხშირად არის კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ რაღაც თანმხლები დაავადება მაქვს და აცრას ვერ გადავიტან. თუ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, კოვიდს სულ ვერ გადაიტანს. ამიტომ აუცილებლად უნდა აიცრას.“

​ასეთი თემა, რომ აცრას ვერ გადაიტანს ადამიანი, არ არსებობს. შვიდი მილიარდი ადამიანია აცრილი დედამიწაზე. შვიდი მილიარდი ინექციაა გაკეთებული. მაშინ აღარ უნდა არსებობდეს დედამიწაზე მოსახლეობა,“ - აღნიშნულ საკითხზე ზვიად ბახუტაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად