Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი - უახლესი კვლევის მონაცემები

თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი - უახლესი კვლევის მონაცემები

თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში 50-750 ლარი, - წერია ​PMCG-ის (პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი) ახალ კვლევაში - „უთანასწორობა განათლებაში“.

კვლევაში თანახმად, რეპეტიტორებზე ხელმისაწვდომობა განსხვავდება ოჯახის შემოსავლის მიხედვით:

„ყველა ასაკობრივ ჯგუფში მაღალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ოჯახების მოსწავლეებს შორის უფრო გავრცელებულია რეპეტიტორობის პრაქტიკა. მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მე-12 კლასელთა 87%- ს ჰყავს რეპეტიტორი მაშინ, როცა დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში შესაბამისი მაჩვენებელი 37%-ია.

რეპეტიტორობის საკითხზე უახლესი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, 1-დან 5-მდე საგანში ჰყავთ რეპეტიტორი და ფასები თბილისში 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, რეგიონებშ კი - 50-დან 150 ლარამდე. უხეში გამოთვლებით, თბილისში ერთი მოსწავლისთვის რეპეტიტორი ოჯახს თვეში 100-1000 ლარი უჯდება, რეგიონებში კი - 50-750 ლარი,“ - წერია PMCG-ის კვლევაში. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ასევე, ყურადსაღებია, რომ კერძო რეპეტიტორის საჭიროება არ უკავშირდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. იმავე გამოკითხვაში მოსახლეობის 58% აღნიშნავს, რომ კერძო რეპეტიტორი აუცილებელია სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის, 47%-ისთვის კი რეპეტიტორი საჭიროა სკოლაში წარმატებისთვისაც.

წაიკითხეთ სრულად