Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით''

,,საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით''

ივნის-ივლისის თვეში „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მილიონ დოზაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები:

,,ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის ,,კოვაქსის" პლატფორმა, საიდანაც ჩვენ ვაქცინების მიღება უკვე დავიწყეთ. მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი.

გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან უშუალოდ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე „მოდერნასთან“, „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. უკვე მოწერილია ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ არ იქნება შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად