Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა''

,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა''

,,შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის:

„გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ფა ჰეპატიტიანი და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად