Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სამხედროები, მათი მეუღლეები და შვილები უმაღლეს სასწავლებელში თავდაცვის სამინისტროს 50%-იანი თანადაფინანსებით ისწავლიან

სამხედროები, მათი მეუღლეები და შვილები უმაღლეს სასწავლებელში თავდაცვის სამინისტროს 50%-იანი თანადაფინანსებით ისწავლიან

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ​თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის ნახევრის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად