Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შანსი მასწავლებლებისთვის!!! - პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა

შანსი მასწავლებლებისთვის!!! - პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია 15 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ის მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რაც სრულფასოვანი ესეს დასაწერად არის საჭირო:

,,ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ტრენერები. სრული კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი, კვირაში 3 დღე. თითო მეცადინეობა მიმდინარეობს 1 საათის განმავლობაში. სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი. გავითვალისწინეთ მასწავლებელთა სურვილი და რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 მაისამდე გავახანგრძლივეთ,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში. 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს - რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქ გვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277

R.
წაიკითხეთ სრულად