Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„პრაქტიკოს, სპეცმასწავლებლებს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ ყველა მასწავლებელს შეუნარჩუნდეს კრედიტქულები“ - ​პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წინადადება პარლამენტს

„პრაქტიკოს, სპეცმასწავლებლებს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ ყველა მასწავლებელს შეუნარჩუნდეს კრედიტქულები“ - ​პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წინადადება პარლამენტს

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მაძიებელი პედაგოგების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ ​პოსტს უცვლელად. 

„მაძიებელი პედაგოგების საყურადღებოდ:

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი (პსც) ხშირად იღებს „საყვედურებს“ თითქოსდა მაძიებელ პედაგოგებზე არ ვზრუნავთ. ჩვენ მიერ პარლამენტში განსახილველად შეტანილ წინადადებაში ნათლად ჩანს, რომ „საყვედური“ უსაფუძვლოა. აი, ერთ-ერთი წინადადება:

„პრაქტიკოს, სპეცმასწავლებლებს და მაძიებლის პროგრამაში ჩართულ ყველა მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის იმ მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით სტატუსის ამაღლების მიზნით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს შემდგომ სასწავლო წლებში ნებაყოფლობით აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი ისე, რომ შეუნარჩუნდეს წინა წლებში პროფესიული წინსვლისთვის მიღწეული კრედიტქულები.“

მოცემულ ეტაპზე ეს მუხლი ელოდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისგან განხილვას. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენ ვიბრძვით და არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები სახელისუფლებო ორგანო. იმ ფონზე, როდესაც ათასობით დაზარალებული პედაგოგი გვყავს და სხვადასხვა შეკრებებზე მხოლოდ 60-70 კაცამდეა ჩართული, გარკვეული წინსვლა მაინც არსებობს. იქნება მეტი ადამიანის გამოსვლა - იქნება მეტი შედეგი!

პატივისცემით: დ. ფერაძე
წაიკითხეთ სრულად