Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კოვიდით დაავადებისას აზრადაც არ მოსდით მედიკამენტების ანოტაციის ნახვა - ისე სჯერათ მეცნიერების მონაპოვარის, აქტიურადაც ითხოვენ''

,,კოვიდით დაავადებისას აზრადაც არ მოსდით მედიკამენტების ანოტაციის ნახვა - ისე სჯერათ მეცნიერების მონაპოვარის, აქტიურადაც ითხოვენ''

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ ვაქცინაციისა და კოვიდის სამკურნალო მედიკამენტის შესახებ ისაუბრა: 

,,მეცნიერებმა ამ ეტაპზე, კოვიდის სამკურნალოდ, რამოდენიმე მედიკამენტი მოგვაწოდა. ძირითადად, დამხმარე საშუალებებია, თუმცა სათანადო დროს და მდგომარეობისას - ეფექტურები! წლის ბოლოსთვის, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებიც უნდა გვქონდეს შეიარაღებაში.

ადამიანებს, ვინც ლამის მოლეკულარულ დონეზე განიხილავენ ვაქცინებს ჯანმრთელად ყოფნისას და ბოლოს მაინც არ იკეთებენ, კოვიდით დაავადებისას აზრადაც არ მოსდით მედიკამენტების ანოტაციის ნახვა - ისე სჯერათ მეცნიერების მონაპოვარის, აქტიურადაც ითხოვენ.

...თქვე დალოცვილისშვილებო, თუ მაინც მეცნიერების და მედიკამენტების იმედზე ხართ მძიმე მდგომარეობაში, მოდით სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამდე ენდეთ! თქვენც განსაცდელში არ ჩაიგდებთ თავს და სახელმწიფოსაც ბევრად უფრო იაფი დაუჯდება! საკმაოდ მაღალი ფასები აქვს ამ მედიკამენტებს და თან რიგში უნდა ჩადგეს ქვეყანა, რომ კომპანიამ მოგვყიდოს. მილიონობით ლარებზეა საუბარი და მთლიანად სახელმწიფოს კისერზეა.

ყველას ვუსურვებ, არ შეხვდეს ეს დაავადება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უპასუხისმგებლობა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას!

აიცერით!

რეანიმაციაში მხოლოდ თითო-ოროლა აცრილი ავადმყოფი თუ გვყოლია და ისინიც სხვა მძიმე სნეულებებით გართულებულები,'' - აღნიშნავს დავით გადელია. 

წაიკითხეთ სრულად