Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი რეგულაციები ცნობილია - გაეცანით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს

ახალი რეგულაციები ცნობილია - გაეცანით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

  • 13 სექტემბრიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა;
  • 13 სექტემბრიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია;
  • აპლიკაცია https://covidpass.moh.gov.ge/ მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდ-სტატუსის შესახებ;
  • ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, 📌ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ;
  • სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ;
  • ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა;
  • საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი; ანალოგიური რეკომენდაციაა კერძო სექტორისთვის;
  • იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო-გასართობი ცენტრები.

წაიკითხეთ სრულად