Baby Bag

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ

სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას განაახლებენ
13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.
როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.
ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, თუ მშრალი ხველა გახანგრძლივდა? - თერაპევტი კახა ჭელიძე გახანგრძლივებულ და პოსტკოვიდურ სინდრომზე საუბრობს

როგორ მოვიქცეთ, თუ მშრალი ხველა გახანგრძლივდა? - თერაპევტი კახა ჭელიძე გახანგრძლივებულ და პოსტკოვიდურ სინდრომზე საუბრობს

გახანგრძლივებულ და პოსტკოვიდურ სინდრომზე თერაპევტმა, პროფესორმა კახა ჭელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, გახანგრძლივებული სიმპტომების ერთი მიზეზი არის ან ადრე დაწყებული ჩარევა, ან პირიქით - დაგვიანებული:

„ჩივილების ერთგვარი ლოგიკა გახლავთ იმაში, რომ არ ხდება დროული თერაპიული ჩარევა იმ პერიოდში, როდესაც არის ჯერ ვირუსის გამრავლების ფაზა და შემდგომ კლინიკური გამოვლინების პულმონური ფაზები, როცა იწყება - ანუ ფილტვის დაზიანების და ზოგადად სისტემური დაზიანების ფაზები. ​სრულიად განსხვავებული მიდგომები და ჩარევებია, რომელთაც აქვთ თავისი დაწყების და დასრულების დრო. ადრე დაწყებული ვნების მომტანია, გვიან დაწყებული ეფექტური არ გახლავთ და დაავადებას ვერაფერს ვერ ვუშველით. აი, ამ მომენტის დაჭერა ხდება ხშირად პრობლემური და ეს არის ერთი მიზეზი გახანგრძლივებული სიმპტომების, მათ შორის, ხველისმეორე გახლავთ ის, რომ ამ სიმპტომების დიდხანს არსებობა საერთოდ არ არის დამოკიდებული, თუ როგორ გადაიტანა პაციენტმა კოვიდი, რა სიმძიმით - მსუბუქად, საშუალოდ თუ მძიმედ. ვისაც მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გადააქვს, გახანგრძლივებული ჩივილები მათში უფრო ხშირი გახლავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუმცა ეს არ არის გამოკვეთილი ტენდენცია. ამდენი სიმპტომი პოსტ მწვავე პერიოდში არცერთ დაავადებას არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ექიმობის 22-წლიან პერიოდში. არ გადავყრივარ ფარშევანგის კუდივით მრავალფეროვან დაავადებას,“ - აღნიშნა კახა ჭელიძემ.

თერაპევტმა ყურადღება გაამახვილა გახანგრძლივებულ მშრალ ხველაზე და აღნიშნა, რომ პაციენტებმა თვითმკურნალობას არ უნდა მიმართონ:

„ხველასთან დაკავშირებით, გნებავთ მწვავე პერიოდში, გნებავთ პოსტ მწვავე პერიოდში, ამოსახველებელ, ხველის დამთრგუნველ საშუალებებს დიდი ეფექტი და ზეგავლენა არ აქვს, შესაძლებელია აქვს პლაცებო ეფექტი, მაგრამ რეალურად არ მოქმედებს და ვერცერთი ქვეყნის გაიდლაინში ვერ ნახავთ მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფს, რომლებიც უშუალოდ ასეთი ხველის დათრგუნვაზეა ორიენტირებული. სამაგიეროდ არის რეკომენდაციები მუცელზე წოლის, როცა შეტევითი ხველაა, გარკვეულწილად ძალიან დიდ შეღავათს იძლევა და არამხოლოდ ფილტვების ვენტილაციის გასაუმჯობესებლად. ასევე არის რეკომენდაციები სუნთქვით ვარჯიშებზე. მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არცერთი ამოსახველებლი არ შეიძლება, მშრალი ხველისთვის განკუთვნილი ნებისმიერი შეიძლება გამოიყენოს პაციენტმა, თუმცა საეჭვოა მათი ეფექტურობა, დამტკიცებული არ გახლავთ

თუ გახანგრძლივდა მშრალი ხველა, პაციენტებმა არ უნდა მიმართონ თვითმკურნალობას, რადგან ეს შეიძლება იყოს ისეთი სახიფათო სიტუაციის გამომხატველი, როგორიცაა მაორგანიზებელი პნევმონია. მისი ერთ-ერთი ყველაზე წინ წამოწეული სიმპტომი გახლავთ სწორედ მშრალი ხველა. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს მკურნალობა“, - აღნიშნულ საკითხებზე თერაპევტმა კახა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მ​არი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად