Baby Bag

„დაეხმარეთ, მაგრამ მასწავლებელს არჩევანი დაუტოვეთ, ქალბატონო თამარ“ - გია მურღულიას პასუხი თამარ ჯაყელს

„დაეხმარეთ, მაგრამ მასწავლებელს არჩევანი დაუტოვეთ, ქალბატონო თამარ“ - გია მურღულიას პასუხი თამარ ჯაყელს

ფილოლოგი ​გია მურღულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის - „ახალი სკოლის მოდელის“ ​ექსპერტის თამარ ჯაყელის პოსტს პასუხობს. გია მურღულიას ჩანაწერს Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. დიდ თეორიულ წიაღსვლებს რომ არ მივეცეთ, რაც ბევრი ადამიანისთვის გაუგებარიც არის და მოსაწყენიც, თქვენი საჯარო მომართვის პასუხად მოკლედ გეტყვით:

1. ვწუხვარ, რომ გული დაგწყვიტეთ - ახლაც ვგულშემატკივრობ იმას, რაც მომწონს ახალი სკოლის ფარგლებში და თავადაც აღნიშნეთ, რომ რამდენიმე რადიოგადაცემაც მივუძღვენი და ჟურნალ „სკოლის მართვის“ მთელი ნომერიც. თუმცა „გულშემატკივრობა“ მუდმივად (და - არც არასდროს) ბრმა აღტაცებას არ ნიშნავს. „მოყვარეს პირში უძრახეო“, ნათქვამია. საერთო საქმის წარმატებაზე ორიენტაცია სჯობს სხვაგვარს.
2. ჩემს, როგორც ბრძანებთ, „გულსა და გონებამდე“ ახალი სკოლის პედაგოგიკის არსმა (რომელშიც პრინციპულად ახალი მაინცდამაინც არაფერი არ არის - მისი ცალკეული ელემენტები, ცხადია, აქამდეც დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი) როგორღაც მოაღწია, მაგრამ ზოგიერთი რამ არ მომწონს და ეს საჯაროდ გამოვხატე. არავისგან ვკითხულობ, ამის უფლება მაქვს თუ არა. კრიტიკული ხედვა, რომელიც ამ „ახალ სკოლაშიც“ საკმარისად აქცენტირებულია და სკოლებში მის დანერგვასაც მართებულად გეგმავთ, მტრობად არ უნდა წარმოიდგინოთ და თავადაც მიიღოთ. მთლად ასე შეუმცდარადაც ნუ წარმოიდგენთ ვინმეს - საკუთარი თავის ჩათვლით (ობიექტურობისთვის მეც მაგ ნავში ჩავჯდები თქვენთან ერთად).
3. ის, რომ ცნებას თავისი სიღრმე და მრავალი განზომილება აქვს, ზედმეტად ასახსნელი არ არის. არც ის არის მიუღწეველი ჭეშმარიტება, რომ მოსწავლემ უბრალოდ მნიშვნელობები კი არ უნდა დაიზუთხოს, არამედ არა ერთი აქტიური ქმედებით საკუთარ გამოცდილებად აქციოს. ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ როცა ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას მიხსნით, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ხსენებულის საპირისპიროს ჩემს პოსტში არაფერს ვამბობ - ცოტა მეტი დაკვირვება და, ეს შეიძლება მოულოდნელად ნათელიც კი გახდეს. ე.წ. „სამიზნე ცნებები“, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ ცენტრში დააყენეთ, სწორედ სიტყვებია („კომპოზიციაც“ სიტყვაა) და ასევე ესმით თქვენს „ქოუჩებსაც“ და ამ ახალი კულტურის სხვა დამნერგავებსაც. მაინც განვმარტავ: როდესაც „სიტყვას“ ვახსენებ, მისი მნიშვნელობის გამოვლინების ყველა შესაძლო განზომილებას ვგულისხმობ. ასევე მიგანიშნებთ, რომ ფრაზა სულ სხვა (და - უფრო მნიშვნელოვანი) რამ არის და ეს სადავო არავისთვის უნდა იყოს.
4. უკვე არა ერთხელ მიუთითებიათ, რომ არსებობს საზოგადოებასთან, კერძოდ სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრი ტრენინგი ჩატარდა, სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები მუდმივად აცხადებენ, რომ დანერგვის კულტურის სერიოზული პრობლემა ჩანს - ადამიანებს მაინცდამაინც არ ესმით, რას და რა გზებით ნერგავენ. ამაში შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ უამრავი მასწავლებლის გამოხმაურებით, რომლებიც მათ ჩემს მცირე პოსტს დაურთეს.
5. ასევე მიგანიშნეს პირადად თქვენ და სხვებსაც, რომ უკიდურესად რთული ენით ლაპარაკობთ და ხშირია აღქმისა თუ გაგების ნეგატიური პრეცედენტები. როდესაც რაღაცას, მითუმეტეს - „ახალს“ და ასეთ მნიშვნელოვანს, ნერგავთ, ყველაფერი მაქსიმალურად სადად, გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ უნდა განმარტოთ და აუხსნათ მთავარ „მოქმედ პირებს“ - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს (დავამატებ: საკუთარ თანამშრომლებსა და ე.წ. „ქოუჩებსაც“, რომლებიც ერთმანეთის გამომრიცხავი მსჯელობებით გვამახსოვრებენ თავს).
6. მოსწავლემ რაც უნდა „გემო გაუსინჯოს“ ლექსს (ამას ასე არასდროს დავწერდი) და „კონსტრუირებული ცოდნა ცნობიერების ღრმა შრეებში ფესვიანდებოდეს“ (არც ამას დავწერდი ასე, თუმცა, როგორც ჩემი და თქვენი საყვარელი ფრანგები ამბობენ: „სტილი ადამიანია“), თქვენგან ნახსენები სამიზნე ცნება „კომპოზიცია“ მაინც ვერ უპასუხებს სრულად იმ კითხვებს, რომლებიც ჩამოთვალეთ: „რა ქმნის ლექსს ლექსად? რა აქვს საერთო ლექსებს? რა არსებითი მახასიათებლები აქვთ მათ? როგორია ტექსტი, რომელსაც ლექსს ვუწოდებთ? რატომ ჰქვია ამ ტექსტს ლექსი? რა განაპირობებს ლექსის მთლიანობას? რა განაპირობებს ლექსის მიმზიდველობას?“ ბევრი სხვა კითხვაც შეიძლება დასვას მასწავლებელმაც და მოსწავლემაც - ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ და ვერ უკარნახებთ, როგორი პასუხები და რა გზებით შეიძლება გასცენ.
7. კითხვაზე, რატომ სვამთ ჩარჩოში მასწავლებლებს, თქვენ უპასუხებთ: „აი, რას ვიტყვი ამის თაობაზე: ოსტატობას წინ უძღვის შეგირდობის პერიოდი, რომელიც ეფუძნება საკმაოდ ხანგრძლივ პრაქტიკულ გამოცდილებას. მასწავლებელს, რომელმაც არ იცის, როგორ უზრუნველყოს მოსწავლეში ცოდნის კონსტრუირება, ანუ არ იცის, როგორ დააფუძნოს თავისი პრაქტიკა ხუთ ძირეულ საგანმანათლებლო პრინციპზე, შეგირდობის პერიოდი აქვს გასავლელი. ამ პერიოდში მას საუკეთესო მეგზურობას გაუწევს ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკა. როცა მასწავლებელი, ამ მოდელით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ჩაწვდება ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული პედაგოგიკის არსს, ის უკვე თავადაც გახდება ოსტატი, თავადაც შეძლებს ცოდნის „მყარი შენობის აგებას“ და ამის შემდეგ თვითონვე შეიმუშავებს მოდელს თავისი პრაქტიკისთვის. ზემოხსენებული ფუნდამენტური პედაგოგიკური პრინციპების დანერგვა-გაცნობიერება მხოლოდ ამ პრინციპების შემცველი პრაქტიკითაა შესაძლებელი.“ სწორედ ეს არის თქვენი პრინციპული განწყობა და სხვა შეცდომათა წყაროც. თქვენ თავი მიგაჩნიათ „მოძღვრად“, ხოლო მასწავლებლები - „შეგირდებად“, რომლებსაც წინ ნათელი გზები უნდა დაუგოთ და შემდეგ თავადაც შეძლებენ რაღაცის გაკეთებას - ოღონდ ახლა არა! ალბათ - ბუნდოვან მომავალში. ეს დამოკიდებულება ყველგან ჩანს: საჯარო გამოსვლებისას, ტრენინგებზე, ონლაინ შეხვედრებზე, სახელმძღვანელოთა შერჩევის პროცესშიც კი. სწავლა, ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება, აუცილებელიც არის და, რომ იტყვიან, „სიბერემდეა“, მაგრამ თქვენ უნდა საუბრობდეთ არა „შეგირდებზე“, არამედ თანამოაზრეთა შემოკრება უნდა გქონდეთ მიზნად. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, პედაგოგის შემოქმედებითი პოტენციალის მუდმივი დაპროგრამება და გაუთავებელი კარნახი, რა და როგორ უნდა გააკეთოს, სრულიად მიუღებელია. დასახეთ ამოცანები, იქნებ მასწავლებელმა პრობლემის უკეთესი გადაწყვეტა მოიფიქროს, ვიდრე ის, რომელსაც უალტერნატივოდ სთავაზობთ და პირდაპირაც აძალებთ?
8. რაც უნდა უარყოთ, სასწავლო პროცესის მართებულად წარმართვის მეფე ფრაზაა. ოდენ აზრი ასწავლის, დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ მისთვის და მასთან ერთად მოქმედებს.
9. დაეხმარეთ, მაგრამ მასწავლებელს არჩევანი დაუტოვეთ, ქალბატონო თამარ.
ნება მომეცით, დაგარწმუნოთ ჩემს კეთილგანწყობასა და პატივისცემაში - მიუხედავად კამათისა თუ გაუგებრობისა, ვიცი და მწამს, რომ კეთილი განზრახვები გვაქვს და ერთ საერთო საქმეს ვემსახურებით“, - წერს გია მურღულია.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

​რა არის ე.წ. „ახალი სკოლის“ დამკვიდრების მთავარი იდეა და მასთან დაკავშირებული სარგებელი ა...
რა არის ე.წ. „ახალი სკოლის“ დამკვიდრების მთავარი იდეა და მასთან დაკავშირებული სარგებელი ან საფრთხე? - ამ თემაზე ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს:„ცნებების გააზრებაზე...
„ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი ფილოლოგ გია მურღულიას პოსტს ეხმიანება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში გუშინ ფილოლოგ გია მურღულიას ,,ახალი სკოლის'' მოდელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ&...

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე, რომელმაც მასწავლებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია

სიახლე, რომელმაც მასწავლებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია

„2020 წლი­დან კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მასა და გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბას მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წესი ჩაანაცვლებს,“ - აღნიშულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლმა ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვი­თ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს:

„2020 წლი­დან აღარ იარ­სე­ბებს აღარც კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა და აღარც გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა. მას ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს მას­წავ­ლებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს და მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას სკო­ლა და­ად­გენს. მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის გა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგს, ოღონდ ამა­ში კრე­დიტ­ქუ­ლებს აღარ მი­ი­ღებს.

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბას და­ად­გენს სკო­ლის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ჯგუ­ფი — სკო­ლა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს პე­და­გოგს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობთ, პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მე­ტი სა­ა­თი უნ­და გა­ი­ა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, უფ­როს­მა, წამ­ყ­ვან­მა და მენ­ტორ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი. თუმ­ცა, რა­ღაც ფორ­მით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლამ უნ­და გა­ი­ა­როს. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კვლე­ვა­ზე. რად­გან ბევ­რი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ჩვე­ნი პო­ზი­ციაა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­და­ემ­ზა­დონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, სას­კო­ლო უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­ლებ­ზე აღარ იქ­ნე­ბა ზე­წო­ლა, რომ და­აგ­რო­ვონ კრე­დი­ტე­ბი. რაც შეე­ხე­ბა სა­ფე­ხუ­რებ­რივ წინ­ს­ვ­ლას, გა­მოც­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვმუ­შა­ობთ გა­მოც­დის ასეთ ტიპ­ზე: მა­გა­ლი­თად, ვარ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მინ­და გავ­ხ­დე წამ­ყ­ვა­ნი ან მენ­ტო­რი. ამის­თ­ვის მო­მი­წევს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტეს­ტი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა, საგ­ნის გა­მოც­და კი ერ­თი ტი­პის იქ­ნე­ბა. სა­გან­ში სა­შუ­ა­ლო ბა­რი­ე­რად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 50 პრო­ცენ­ტი, იგი­ვე ბა­რი­ე­რი და­წეს­დე­ბა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­შიც.

ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, გვექ­ნე­ბა ორი გა­მოც­და: საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი. პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში სა­მი ტი­პის გა­მოც­და იგეგ­მე­ბა — პი­რო­ბი­თად, I -II -III კა­ტე­გო­რი­ის. რო­მელ კა­ტე­გო­რი­ა­საც ჩა­ა­ბა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმ კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ბა­მის სტა­ტუსს მი­ი­ღებს. მა­გა­ლი­თად, თუ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, რომ გახ­დეს პირ­და­პირ მენ­ტო­რი და აღარ სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ის აირ­ჩევს მენ­ტო­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტესტს და აღარ მო­უ­წევს ლო­დი­ნი, რომ ჯერ გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი და შემ­დეგ მენ­ტო­რი,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
წაიკითხეთ სრულად