Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. სოფიო გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

წაიკითხეთ სრულად