Baby Bag

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

„ბოლო ზარი – 2021“ - სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა. რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე

რა შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

• შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

• სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;

• იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

• კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

• საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

• ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

• ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით;

• მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას;

• ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ერთი აცრის ან ვაქცინაციის სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 466 326 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 412 420 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 279 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 64 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3 288 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 627 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


წაიკითხეთ სრულად