Baby Bag

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.

მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები საქართველოს რეგიონებში კიდევ 27 საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან მანდატურები 7 რეგიონის: აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ​ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასკოლო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს.

მანდატურის სამსახურის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახლადდანიშნულმა მანდატურებმა, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

ახალი მანდატურები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ და მისმა მოადგილეებმა წარადგინეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი სწავლობს. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

წაიკითხეთ სრულად