Baby Bag

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

,,არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი, ახალი ცოდნის მიღებისა და მეგობრების შეძენის 12 წელიწადი. დღეს თქვენ დატოვებთ სკოლის კედლებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯებთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ.

მინდა მუდამ გახსოვდეთ, რომ განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. არ დაივიწყოთ ეს, რადგან ხვალიდან თქვენ წინაშე უამრავი საინტერესო პერსპექტივა იხსნება, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, წინ გელით ახალი ურთიერთობები, მეგობრები და პასუხისმგებლობები.

მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდებათ.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის შემქმნელები სწორედ თქვენ ხართ. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან:

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


წაიკითხეთ სრულად