მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ერთ მასწავლებელზე ყველაზე მეტი - 32 მოსწავლე ბრაზილიაში მოდის, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 პორტუგალიაში - 5 ფაქტი სასკოლო ცხოვრებაზე
1. მსოფლიოში პირველი სასწავლო დაწესებულებები აშენდა ბაბილონში, ასურეთსა და ჩინეთში ძვ.წ. IV ათასწლეულში.
2. სიტყვა „სკოლა“ ძველბერძნულიდან მოდის. მას თავიდან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა - „დასვენებას“ აღნიშნავდა. „დასვენება“ თავისუფალ დროს ფილოსოფიურ საუბრებს გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ფილოსოფოსებს მუდმივი მსმენელები გამოუჩნდათ და ამ ტერმინმაც შემეცნებითი პროცესის მნიშვნელობა შეიძინა.
3. ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი და მეცნიერი იყო მასწავლებელი. მაგალითად, ლინდონ ჯონსონი სანამ ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა, მასწავლებლად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ უკვე 20 წლის ასაკში, ასწავლიდა 3 სკოლაში და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მისი სწავლების მეთოდი ძალიან კარგი იყო.
4. იუნესკოს მიერ 1994 წელს მიღებული დოკუმენტის თანახმად, ყოველი წლის 5 ოქტომბერს აღინიშნება მასწავლებლების საერთაშორისო დღე.
5. ერთ მასწავლებელზე ყველაზე მეტი - 32 მოსწავლე ბრაზილიაში მოდის, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 პორტუგალიაში.