მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
რა კვალიფიკაცია მოეთხოვება მაძიებელს? - აღნიშნულთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
როგორც ის აღნიშნავს, მაძიებელს პირველ რიგში, ბაკალავრის კვალიფიკაცია მოეთხოვება:
„მაძიებელს პირველ რიგში, ბაკალავრის კვალიფიკაცია. თუკი მაძიებელს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს, როგორც გითხარით, ის შემოდის და, 2 წლის განმავლობაში ან უფრო სწრაფად, ადასტურებს სტატუსს — გადის მაძიებლობის პროგრამას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მაძიებელს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, მისი მაძიებლად დარეგისტრირების წინაპირობა საგნის გამოცდის ჩაბარებაა.
ჩვენ გარანტირებული უნდა ვიყოთ, რომ ვინც მოსწავლესთან შედის, მან, სულ მცირე, ის საგანი უნდა იცოდეს, რომელსაც ასწავლის. პროფესიული პედაგოგიური უნარების განვითარებაში კი ადგილზე დავეხმარებით. მთავარია, განათლების ხარისხი ამაღლდეს, სკოლამ და მასწავლებელმა უზრუნველყონ, რომ თითოეული მოსწავლე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების მატარებელი იყოს.
საერთო ჯამში, თუკი გაჩნდება მასწავლებელთა დეფიციტი, სისტემა მზადაა, ის შეავსოს არა ნებისმიერით, არამედ კომპეტენტური ადამიანებით, რომლებიც სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხს აამაღლებენ — მთავარი ამოსავალი პრინციპიც ხომ ეს არის,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.