მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„დღეს კოვიდ კლინიკებში 90 ბავშვი მკურნალობს, აქედან რამდენიმე არის საყურადღებო,“ - დიმიტრი ხუნდაძე
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ბავშვებში დელტა შტამის გავრცელებისა და დამძიმებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა:
„ინფიცირების ასაკმა მნიშვნელოვნად დაიწია. დღეს 90 ბავშვი კოვიდ კლინიკებში გადის მკურნალობას. აქედან რამდენიმე არის საყურადღებო და მცირე ნაწილი კრიტიკული. ინდური შტამიდან გამომდინარე შეინიშნება ორსულებში ინფიცირების ფაქტები და ლეტალური გამოსავალიც კი. ორსულების აცრა ნებისმიერ ტრიმესტრში რეკომენდებულია.“
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის სასწავლო პროცესის დროულად დაწყების მომხრეა, თუმცა ეპიდუსაფრთხოების გათვალისწინებაც აუცილებელია:
„მე მომხრე ვარ, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს დროულად, მაგრამ პირველ მოთხოვნად ვაყენებ ბავშვების, მასწავლებლებისა და იქ მომუშავე პერსონალის ეპიდუსაფრთხოების აუცილებლობას. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქცევაზე, იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება მასწავლებლებსა და მომსახურე პერსონალს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში. არის გარკვეული შემოთავაზებები ამ კუთხით, რომლის გაჟღერებისგანაც სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თავს შევიკავებ. ჩვენ ვიზრუნებთ ორი მიმართულებით: რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სასწავლო პროცესი, დავიცვათ ეპიდუსაფრთხოება.“
„ერთია რეკომენდაციების გაცემა, ერთია დარეგულირება ამ საკითხების, მეორეა მისი აღსრულება. ჩვენი ხვალინდელი დღე და უსაფრთხოება არის დიდწილად დამოკიდებული საზოგადოების ქცევაზე. ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით რომ გამოვიდეთ. მასწავლებლების 50 %-ზე მეტი არ არის აცრილი. არის დრო, არის საშუალება, ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ვაქცინები. პირველ რიგში, მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.