Baby Bag

2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს

2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მინისტრმა ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. ამ ეტაპზე სისტემაში ინერგება ბილინგვური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. რაც შეეხება აღმზრდელი პედაგოგების მხარდაჭერას, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აღმზრდელი პედაგოგის უმაღლესი პროფესიული პროგრამის განხორციელება. ამასთან, დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდაც.

მინისტრმა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლის როლი და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სასკოლო კულტურისა და გარემოს განვითარებას. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურსცენტრების გაძლიერებაზე სკოლების მხარდაჭერის პროცესში. მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

მინისტრმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით სკოლებში მოსწავლეთა შეფასებისა ალტერნატიული მოდელების შექმნის აუცილებლობას, ბილინგვური განათლების დანერგვას, ასევე, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შეთავაზებას გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინტენსიურად მიმდინარეობს, ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების თვალსაჩინო მაგალითს სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის დანერგვა წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეულად შეფასების საშუალებას იძლევა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.

ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესი სკოლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის გაძლიერებასა და ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სამინისტრო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს სკოლებში ციფრული სახელმძღვანელოებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კუთხით.

მიხეილ ჩხენკელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მათი ინტერნეტიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174 საჯარო სკოლა, სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. შენება-რეაბილიტაციის პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი და სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება.

პრეზენტაციის ფარგლებში საუბარი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნასაც შეეხო. ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო კაბინეტებით უზრუნველყოფის პროცესი დაწყებულია, ასევე, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი, რაც განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. უსაფრთხო სასკოლო გარემოს გასაძლიერებლად გაიზრდება მანდატურების რიცხვიც.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. ინტენსიური მუშაობის შედეგად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას ეფექტიანი სისტემის შექმნაზე, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და მყისიერი რეაგირება.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.

„ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაგეგმავენ პროექტს პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოლოგიასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.

რეგისტრაცია ცხადდება რეგიონების მიხედვით:

აჭარა-ბათუმი;

ქვემო ქართლი-რუსთავი;

შიდა ქართლი-ხაშური;

იმერეთი-ქუთაისი; საჩხერე;

თბილისი.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ​სარეგისტრაციო ფორმა.

წაიკითხეთ სრულად