Baby Bag

2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა

2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. აღნიშნულ საკითხზე განათლების სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

როგორც სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.

8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლეს ბრძანებით ჩარიცხავს. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათსპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, ბავშვები მომდევნო ეტაპებზე დაარეგისტრირონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი რომელსაც აქვს: 

ა) ფიზიკური შეზღუდვა; 

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; 

გ) სწავლის უნარის დარღევა; 

დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); 

ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; 

ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება 

თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; 

ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი, 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია, 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე, გათავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: 

ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 

მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად