Baby Bag

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

დღეს დასრულდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

​რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სოფიო გორგოძის თქმით, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 454, 50%-იანი გრანტი კი - 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.

„​ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.

აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც. მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები. გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ აგრძელებენ კონკრეტული მიმართულებით სწავლას. შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში. გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „​საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

    „​საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

    „​საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი ​დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

    ცვლილება შევიდა ბრძანების მე-4 მუხლში და იგი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

    შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და:

    ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

    ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

    გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

    დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №4/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ 111 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;

    ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

    ვ) სამუშაო ადგილი;

    ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

    თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

    ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

    კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

    ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

    მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

    ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

    ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;

    პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

    წაიკითხეთ სრულად