Baby Bag

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ

პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ​ავრცელებს.

რაც შეეხება პირველკლასელებს - ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა“ - გიორგი გახარია

„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა“ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე. მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც შეწყდა სკოლებში სწავლა:

„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა. მოგეხსნებათ, ჩვენი ოჯახების, ქართული ოჯახების სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახების სტრუქტურისგან.​ ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან მოეტანათ ოჯახში. ბავშვები, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ეს ვირუსი, დიდი რისკი გამხდარიყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ,“ - აღნიშნა გიორი გახარია.

შეგახენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი საქართველოში 2 მარტიდან შეწყდა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში სექტემბერში განახლდება.

წაიკითხეთ სრულად