Baby Bag

თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს

საქართველოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით ინფიცირების ​მაჩვენებელმა მოიმატა. გამომდინარე აქედან, დაიკეტა ბაღების ნაწილი, სკოლებში კი კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა სკოლების ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს. 

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ სასკოლო გარემოში შენარჩუნდეს სწავლების პროცესი:

,,ამისთვის მასწავლებლების უდიდესი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, ​ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების შემთხვევები იყო, სკოლების ის რაოდენობა, რომელიც გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, არის ძალიან ცოტა - დაახლოებით 2-2,5%. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია გრძელდება, ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება, სკოლაში ყველაფერი კეთდება, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, ვფიქრობთ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იქნება საჭირო. სკოლა ყველაზე გვიან უნდა დაექვემდებაროს შემზღუდველ ღობისძიებებს და ყველაზე ადრე უნდა შეეხოს შეზღუდვების მოხსნა. ვფიქრობ, ბავშვები უნდა დადიოდნენ სკოლაში და იქ იღებდნენ განათლებას,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლის ხმა“ არის შანსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა, მიიღოს და გასცეს რჩევები განათლებასთან დაკავშირებით, ებრძოლოს ხარვეზებს სისტემაში და ერთობლივი ძალებით გადაჭრას პრობლემები

„მასწავლებლის ხმა“ არის შანსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა, მიიღოს და გასცეს რჩევები განათლებასთან დაკავშირებით, ებრძოლოს ხარვეზებს სისტემაში და ერთობლივი ძალებით გადაჭრას პრობლემები

იცით, რა შეუძლია თითოეული ჩვენგანის ხმასა და შეძახილს? დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიგემიათ ბგერების სიმძლავრე, მათი სიზუსტე და თავდაჯერებულობა. და გახსოვთ, როგორ გრძნობდით მაშინ თავს? ალბათ, თავისუფლად და ლაღად, რადგან თქვით ის, რაც გინდოდათ, რომ გეთქვათ და, რაც მთავარია, თქვით ხმამაღლა.

სწორედ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ახალი პლატფორმა, ახალი რუბრიკა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებდა ჩვენი პროფესიის მნიშვნელობას და ჩვენი ხმის შესაძლებლობას.

„მასწავლებლის ხმა“ არის შანსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა, რომ ხმამაღლა ისაუბროს აქტუალურ თემებზე, მიიღოს და გასცეს რჩევები განათლებასთან დაკავშირებით, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვებს, მიიღოს მათგან უკუკავშირი და, რა თქმა უნდა, ებრძოლოს ხარვეზებს სისტემაში და ერთობლივი ძალებით გადაჭრას პრობლემები.

თუმცა სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, რადგან ჩვენი პლატფორმა ძალიან სტუმართმოყვარეა და მიგიღებთ ყველას, ვისაც გსურთ, საზოგადოებას თქვენი ხმა გააგონოთ, მიუხედავად იმისა, ასწავლით თუ არა სკოლაში. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ცხადია, თქვენი ფიქრები თანხვედრაში უნდა იყოს განათლებასთან. ჩვენი პლატფორმის შექმნის იდეაც სწორედ აქედან მოვიდა - ხელი შეგვეწყო მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის და ინფორმირებისთვის და უფრო პოპულარული გაგვეხადა ეს პროფესია.

ამ ყველაფრისთვის კი გვჭირდება ძალიან ბევრი ხმა, ბევრი „მასწავლებლის ხმა“, რათა ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს არც ერთი დეტალი, დიდი თუ პატარა.

იცით, რა შეუძლია თითოეული ჩვენგანის ხმასა და შეძახილს?

მათ შეუძლიათ ერთად შექმნან უკეთესი საზოგადოება უკეთეს სკოლასთან და უკეთეს მასწავლებლებთან ერთად!

ავტორი: მარიამ გვარამია

წაიკითხეთ სრულად