Baby Bag

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე დისტანციური სწავლება კვლავ საჭირო გახდეს''

,,არ გამოვრიცხავ, რომ შემოდგომაზე დისტანციური სწავლება კვლავ საჭირო გახდეს''

,,დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს,'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა:

„დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს - შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. ისეთი ტიპის თავისუფალი გარემო, როგორიც შარშან სექტემბერში გვქონდა, არ იქნება. სასწავლო პროცესის დაწყებისა და განვითარების უფრო მკაცრი რეგულაციები იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად