Baby Bag

„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს

„ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებისთვის“ - როგორ აფასებს მშობელი შვილის საშინაო დავალებებს

​„მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.“

საშინაო დავალების უარყოფით და დადებით მხარეებზე გვესაუბრა ოთხი შვილის დედა მარინე გრძელიშვილი, რომელმაც თავისი პირადი დაკვირვებები გაგვიზიარა საშინაო დავალების პრობლემატიკასთან დაკავშირებით:

    - როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილისთვის მასწავლებლის მიერ მოცემული დავალებები რამდენად შეესაბამება მისი განვითარების საფეხურებს?

    - საშინაო დავალებისა თუ საგაკვეთილო პროცესი ხომ ბავშვის განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენთვის, როგროც მშობლებისთვის, განათლების პროცესი უნდა ემსახურებოდეს პროგრესს. მაინც ვფიქრობ, რომ ახლანდელი სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ ბოლომდე ვერ ხერხდება ეს. ჩვენს შვილებს რასაც ვავალებთ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისებური მიწოდების ფორმა. ჩვენთვის არა მხოლოდ გონებრივი განვითარებაა მნიშვნელოვანი, არამედ ფსიქო-ემოციური, ამიტომ ბავშვამდე მიტანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დავალება იყოს მაქსიმალურად მისაღები, ხალისიანი და საინტერესო, დავალების შესრულების პროცესი არ უნდა იყოს აუტანელი და დამთრგუნველი. მინდა, რომ ბავშვისთვის წიგნთან მუშაობა იყოს მიმზიდველი პროცესი შემოქმედებითი კუთხით. ბავშვებს მოსწონთ თავიანთი ნააზრევის შედეგს რომ ხედავენ და არა რუტინული დავალებების შესრულება გამუდმებით. ვფიქრობ, სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები ამ კუთხით უფრო უნდა იყოს დახვეწილი.

    - როგორ ფიქრობთ, მოცემული დავალებები უფრო მეტად ცოდნის შეძენაზეა ორიენტირებული თუ ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე?

    - ბავშვისთვისაც და ზოგადადაც ანალიტიკურ აზროვნებაში წვრთნა არის განმავითარებელი. მთავარია, რომ ანალიტიკური აზროვნება განვუვითაროთ და შემდგომ უკვე საჭიროა სხვდასხვა საკითხის დასწავლა. ისევ დავალებებს რომ დავუბრუნდეთ, საშინაო დავალება უმჯობესია, აზროვნებას მოითხოვდეს, რომ ბავშვმა თავისი შეხედულებისამებრ გააკეთოს დასკვნები და აზრები გამოხატოს დავალების შესრულებისას. ჩემთვის რუტინულ, ერთი და იმავე შინაარსის დავალებებზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ არსი გაიგოს ბავშვმა და ვფიქრობ, ეს უფრო განუვითარებთ მათ ანალიტიკურ აზროვნებას. ემოციურადაც უფრო დადებითად უდგება მოსწავლე ისეთ დავალებებს, რომელშიც გამოწვევას ხედავს, რომელიც მისთვის საინტერესო და სააზროვნოა.

    - როგორია თქვენი შვილის აქტივობა და ინტერესი კომპლექსური დავალების მიმართ?

    - ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც აქვს მსგავსი ტიპის სააზროვნო და სხვადასხვა კუთხით საინტერესო დავალება, სკოლიდან მოსვლისთანავე უჩნდება სურვილი, რომ ამ დავალების შესრულება დაიწყოს. მისთვის ეს პატარა გამოწვევაა, რომლის დაძლევის ინტერესი აქვს. კომპლექსური დავალების შესრულებისას, მისი შემეცნების და ინტერესის სიძლიერე იზრდება. თუმცა ამ ტიპის დავალებაში მშობელი მინიმალურად უნდა იყოს ჩართული და ეს დავალება არ უნდა იყოს მხოლოდ დავალებისთვის. ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესში ბავშვმა თავისი ნამუშევარი უნდა განიხილოს, უნდა მიეცეს თავისი მუშაობის პროცესის და შედეგის წარმოჩენის საშუალება. სახლშიც, ასეთი დავალების შესრულებისას, ბავშვს უნდება ოჯახის წევრებს გააცნოს მიღებული ინფორმაცია და ის შედეგი, რასაც მიიღებს ამ დავალების შესრულების პროცესში. თუმცა ძალიან გული მწყდება, რომ კომპლექსურ დავალებასთან ერთად სხვა დავალებაც აქვს იმავე საგანში და მერე ხდება ერთის ან მეორის ზედაპირულად შესრულება. ამით ვერც ბავშვი იღებს სიამოვნებას და არც შედეგი დგება სასურველი.

    - როგორ დავალებებს შეამცირებდით და როგორ დაამატებდით, რომ ბავშვი უკეთ განვითარებულიყო?

    - ის, რაც რუტინული და ერთნაირია, რომელიც ბავშვს რუტინაში რთავს და დამღლელს და უინტერესოს ხდის მეცადინეობს პროცესს, უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლები ან მთლიანად ამოღებული. ძირითადი აქცენტი, ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც არა მარტო მოცემული საგნის ჭრილში ავითარებს ბავშვს, არამედ სხვადასხვა თემაზე აძლევს ინფორმაციას და უვითარებს მიღებული ცოდნის წარმოჩენის უნარს. შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული ინფორმაციაც შეგვიძლია ბავშვს მივაწოდოთ ასეთი სახალისო მეთოდებით. ვისურვებდი, რომ სასწავლო პროცესი მეექვსე კლასამდე მაინც იყოს მაქსიმალურად შემოქმედებითობაზე ორიენტირებული. ასევე ჩვენი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია ის ზღვა მასალა, რომლის მეცადინეობასაც ბავშვები მთელ დარჩენილ დღეს სკოლის დამთავრებიდან დაძინებამდე ანდომებენ. არ მგონია, რომ ეს რუტინა რეალურად დადებით შედეგს იძლევა. ვფიქრობ, ბევრი დავალების მიცემა და შემდეგ გვიანობამდე მეცადინეობა, არის ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებზე, ასეთი ბავშვები გარკვეული ასაკის შემდეგ ხდებიან გამოფიტულები. ამიტომ მგონია, რომ საშინაო დავალება მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს ანალიზის უნარზე, არსის გაგებაზე და ბავშვში შემოქმედებითობის განვითარებაზე.

    ესაუბრა ელენე ოვაშვილი

    -ps-

    შეიძლება დაინტერესდეთ

    ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

    ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის
    პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წარჩინებული აპლიკანტები ნარგიზი იარაჯული, მანანა ხუციშვილი, მადონა ბერუაშვილი აღნიშნავენ, რომ ტრენინგები მათ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე ჩაბარებაში დაეხმარათ:

    „ტრენინგები ძალიან დაგვეხმარა გამოცდის სწორად აღქმასა და დაწერაში, რადგან ეს გამოცდა მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს, ის დამატებით უნარებსაც ამოწმებს. აქედან გამომდინარე, ცენტრში ისწავლება, არა მხოლოდ საგნები, არამედ გამოცდის დაწერის მეთოდიკა,“ - აცხადებენ აპლიკანტები.

    პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში გადამზადებულ პედაგოგთა 90%-ზე მეტმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტი დააფიქსირა! აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი რაოდენობა 95%-მდე გაიზარდა. ტრენინგ-ცენტრი ლიდერობას არავის უთმობს. ცენტრს ყველაზე მეტი წარმატებული, 10-კრედიტიანი აპლიკანტი ჰყავს.

    მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდაზე შემოდგომაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ტრენინგები საგამოცდო საკითხებზე მასწავლებლის სახლიდან მოწვეულ სერტიფიცირებულ ტრენერებთან. ტრენერები პედაგოგებს შეასწავლიან, როგორ უნდა დაწერონ გამოცდა ისე, რომ მაღალი შეფასება - 10 კრედიტი დაიმსახურონ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის რამოდენიმე ტრენერი გამოცდებსაც ასწორებს. მათ მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული ამომწურავად პასუხობს გამოცდის სპეციფიკას.

    ტრენინგი, რომელსაც პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ. 

    ,,ჩვენი ცენტრის ტრენერი ილიას უნივერსიტეტის ლექტორია. იგი ასწორებს ინგლისური ენის გამოცდას. ჩვენი ტრენერი პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარება,'' - აღნიშნავს ცენტრის წარმომადგენელი. 

    ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი, მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, თითო მეცადინეობა 2 საათიანია, სრული კურსის ღირებულებაა დასწრებით (აუდიტორიაში) 200 ლარი, ონლაინ მეცადინეობა 180 ლარი.

    რეგისტრაცია გრძელდება 23 ოქტომბრამდე. 

    რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ​ბმულს - ​https://forms.gle/M1JYE6qjd9BQSjzA8

    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს და ჯგუფს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277.

    R.

    წაიკითხეთ სრულად