Baby Bag

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

ყოფილმა ტელეწამყვანმა თეა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში ქუთაისში გატარებულ საახალწლო არდადეგებს და იქ გატარებულ საოცარ დღეებს იხსენებს:

„არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენს დროს საახალწლო არდადეგები, ალბათ ათი დღე ან ორი კვირა, მაგარამ ის კი მახსოვს, 1 სექტემბრიდან რომ ველოდებოდით და დღეებს ვითვლიდით. მაშინ, ახლანდელისგან განსხვავებით, დრო ძლივს მიიზლაზნებოდა და როდის-როდის დგებოდა ის ბედნიერი დღე, მშობელთა კრებიდან დაბრუნებული დედაჩვენის აღმზრდელობით ხასიათის „სპიჩის“ შემდეგ, ქუთაისში გასამგზავრებელ მზადებას რომ ვიწყებდით. რაღა დროსია, მაგრამ ახლა ვბრაზობ, რატომ გვევალებოდა საუკეთესო ნიშნებზე სწავლა და რატომ ითვლებოდა ყოველი ოთხიანი სამშობლოსა და ოჯახის ღალატად. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, კარგი შვილო, გასაგებია რომ არ გესმის და არც გაინტერესებს ეს ტექნიკური საგნები, მაშინ ჰუმანიტარულები გავაძლიეროთ და მოდი ერთის ნაცვლად სამი ენა ვისწავლოთო. მაგრამ არა, თან მე, როგორც უფროსს, რატომღაც მეტს მთხოვდნენ და ორივეს მაგივრად მე ვიტუქსებოდი.

აი, სადაც არავინ კითხულობდა ჩვენს აკადემიურ მოსწრებას, ყოფაქცევას და მუსიკის გამოცდების შედეგებს, ბებია-ბაბუის სახლი იყო საფიჩხიაზე. იქ ჩვენ ვიყავით სამყაროს ცენტრი და ჩვენს ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა. გაფიქრებული არ გვქონდა სურვილი, რომ უკვე შესრულებული იყო. ნანატრ თოვლს ბაბუ ვერ მოიყვანდა, მაგრამ ათასში ერთხელ ხდებოდა სასწაული და ქუთაისიც თეთრად გადაპენტილი ეგებებოდა ახალ წელს. მაშინ ორმაგად გვიხაროდა, რადგან რიკოთი იკეტებოდა ხოლმე და მატარებლით გვიწევდა მგზავრობა. ეს იყო ენითაუწერელი სიხარული და რაღაც უჩვეულოს მოლოდინი. ვაგონის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები კარგი ფილმივით მივჩერებოდით სახურავდათოვლილ სახლებს, მათ სარკმელებში მოციმციმე შუქებს, ნაადრევად დაღამებულზე დაცარიელებულ ქუჩებს და ლიმონისფრად განათებულ სადგურებზე მატარებლის მომლოდინე ხალხს. ქუთაისის თოვლი კი თბილისისაზე სველი და წყალწყალა იყო, თოვლჭყაპი უფრო ეთქმოდა. მაგრამ ვინ დაეძებდა. თეთრი ხომ იყო და ცივი, გუნდები ხომ კეთდებოდა და ცხვირის ადგილზე სტაფილოგარჭობილ თოვლის ბაბუასაც შეაკოწიწებდი მონდომებული ბავშვი ეზოში.

ავირბენდით სახლში ხელ-ფეხგაყინულები და ბედნიერები და იქ ბებიაჩვენის საოცარი ხელიდან გამოსული კულინარიული შედევრები გვხვდებოდა, გოზინაყთან, ჩურჩხელებთან და ფელამუშთან ერთად.

და ის „გრილიაჟი“ და „დათუნია“, მაშინ რომ ძლივს შოულობდნენ და ახლა ყოველ ნაბიჯზე ყრია, ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია და 31-ში სხვა კანფეტებს არც ვყიდულობ.

საღამოს თუ ისევ წამოთოვდა, არც ტელევიზორი გვახსოვდა, არც წიგნები. სანამ ძილის დრო არ დაგვიდგებოდა, ვისხედით ფანჯარასთან და სათითაოდ ვითვლიდით ერევნის ქუჩის ლამპიონების გაცრეცილ შუქზე როგორ მშვიდად ტრიალებდნენ სხვადასხვა ზომის ფიფქები ჰაერში და აუჩქარებლად ეშვებოდნენ ქვაფენილზე, რომლის პრიალა ქვებს ჯერ ტალღისებურად ედებოდა თოვლის საფარველი, შემდეგ ჩაღრმავებულ ადგილებსაც თოვლი ავსებდა და ყველა ხმას ახშობდა.

აი, ეს იყო სიჩუმე, ყველა სხვა ხმისგან რომ ისვენებს სული და ხორცი და ეს იყო სიმშვიდე, რომელსაც მაშინ ვერ აფასებ, რომელიც იქ, ბავშვობაში რჩება და მთელი მომდევნო ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, რომელი შვეიცარიის ალპებშიც არ უნდა ეძიო რელაქსი, რა მონბლანის ხედითაც არ უნდა დატკბე ღია ცის ქვეშ ცხელ ჯაკუზში მოლივლივე, სხვისი არ ვიცი და მე დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე, თოვლიან ახალ წელზე, ჩემს მაგივრად რომ სხვები ფიქრობდნენ, ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი ცოცხლები იყვნენ და ერთადერთი რაც მევალებოდა იმ ბედნიერი ბავშვობით დატკბობა იყო,“ - წერს თეა გვასალია.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი ჯიუტია, აი, რა უნდა გააკეთოთ...“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

„თუ ბავშვი ჯიუტია, აი, რა უნდა გააკეთოთ...“ - შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში მშობლებს ბავშვის სიჯიუტესთან გამკლავების სტრატეგიები გააცნო. მან უფროსებს ურჩია კარგად გააანალიზონ, როდის და რატომ ჯიუტდება ბავშვი, რადგან, შესაძლოა, სინამდვილეში სწორედ მშობელი იყოს გაჯიუტებული და არა ბავშვი:

„თქვენ რომ მეუბნებით ბავშვი გაჯიუტებულიაო, ბევრი პირობა უნდა მითხრათ კიდევ, რომ გავიგო, მართლა გაჯიუტებულია თუ თქვენ ხართ თვითონ გაჯიუტებული. ​ზოგიერთი დედა თვითონ ჩააფრინდება ხოლმე ბავშვს, თვითონ გაჯიუტდება, რაღაც პრინციპს მიჰყვება და ბავშვს უკვე აღარ უყურებს, ბავშვს აბრალებს იმას, რასაც თვითონ იჩენს. გაიხსენეთ ერთ-ერთი შემთხვევა ბავშვის ჯიუტობის, რის გამო, რაზე გაჯიუტდა ბავშვი? შეხედეთ ამ სიუჟეტებს და თქვით, მართლა უნდა გეიძულებინათ ბავშვი, რომ ეს გაეკეთებინა? ეს ამდენად აუცილებელი რაღაც იყო? აუცილებელი იყო ამის ქმნა მისი აღზრდისთვის თუ თქვენი ჭია დაიკმაყოფილეთ? როდესაც ამას გააანალიზებთ, დაინახავთ: ან მართლა თქვენი მშობლური ძალაუფლების დამტკიცება გინდოდათ, ან შეგეშალათ, ბავშვი მართალია, მაგრამ აღიარება არ გინდათ. თქვენ ხომ უნდა გაამართლოთ თქვენი მშობლის ძალაუფლება?! ხან მშობელია ჯიუტი, ხან ბავშვია მართლა ჯიუტი. ყველაფერ ამას გაანალიზება უნდა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, თუ ბავშვი გაჯიუტდება, უმჯობესია მშობელი ამ დროს განზე გადგეს და ბავშვს ყვირილი არ დაუწყოს:

„თუ ბავშვი ჯიუტია, აი, რა უნდა გააკეთოთ: ​გადექი განზე, არ აუტყდე ბავშვს, არც ხმას აუწიო, არც ყვირილი დაუწყო. ამით მისი სიჯიუტე ხვალ კიდევ უფრო მტკიცე გახდება. ან უნდა დაიმორჩილო ბავშვი და ჩვარივით აქციო. რად გინდათ ბავშვი, რომელიც ყველაფერს გიჯერებთ? ყველაფრის დამჯერი ბავშვი პიროვნება ვერ გახდება. გადექით განზე, ცოტათი ვითომ გაიბუტეთ. თუ ბავშვი ხუთისაა, რვისაა, ცხრისაა, შეიძლება მოგეტმასნოთ, გითხრათ: „დედა, მაპატიე რა.“ ცოტა ხანს გაბუტული იყავით, ნაწყენივით იყავით. შვილის არასდროს არ უნდა გაუნაწყენდე, მაგრამ ვითომ განაწყენებული ხართ.“

„პედაგოგიკა ხელოვნებაა. ერთ მეთოდსაც გაჩუქებთ. ღამე ძილის წინ ბავშვს უნდა მიუჯდე და უთხრა: „შვილო, ჩემო ძვირფასო, შენზე ისეთ იმედებს ვაგებ, რომ არ ვიცი რამდენი ანგელოზი მჭირდება, რომ შემეშველოს ამ იმედების აღსრულებაში. ​შენი ჭირიმე, შემეშველე, რომ მეც შენი გამზრდელი ვიყო. შენი გაზრდა ძალიან უნდა ქვეყანას და ეს მე მაქვს დავალებული. შემეშველე ამაში, ძალიან გთხოვ.“ უნდა სთხოვოთ რაღაცები შვილს წინასწარ. ხვნაში გაურიგდი, რომ მოსავლის აღებაში მართლები იყოთო, ნათქვამია. გაურიგდი ხვნაში ბავშვს წინასწარ, დღეს ხვალისთვის, ხვალ ზეგისთვის. დაინახავთ, რომ ზოგიერთი სიჯიუტე შერბილდება. ბავშვი უკან დაიხევს. თქვენი გული უნდა დაანახვოთ ბავშვს, რა გაწუხებთ, რა გწყინთ. ჯიუტობას მაშინ იოლად დაძლევენ,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად