Baby Bag

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

„მთელი ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე თოვლიან ახალ წელზე,“- თეა გვასალია

ყოფილმა ტელეწამყვანმა თეა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობაში ქუთაისში გატარებულ საახალწლო არდადეგებს და იქ გატარებულ საოცარ დღეებს იხსენებს:

„არ მახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენს დროს საახალწლო არდადეგები, ალბათ ათი დღე ან ორი კვირა, მაგარამ ის კი მახსოვს, 1 სექტემბრიდან რომ ველოდებოდით და დღეებს ვითვლიდით. მაშინ, ახლანდელისგან განსხვავებით, დრო ძლივს მიიზლაზნებოდა და როდის-როდის დგებოდა ის ბედნიერი დღე, მშობელთა კრებიდან დაბრუნებული დედაჩვენის აღმზრდელობით ხასიათის „სპიჩის“ შემდეგ, ქუთაისში გასამგზავრებელ მზადებას რომ ვიწყებდით. რაღა დროსია, მაგრამ ახლა ვბრაზობ, რატომ გვევალებოდა საუკეთესო ნიშნებზე სწავლა და რატომ ითვლებოდა ყოველი ოთხიანი სამშობლოსა და ოჯახის ღალატად. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, კარგი შვილო, გასაგებია რომ არ გესმის და არც გაინტერესებს ეს ტექნიკური საგნები, მაშინ ჰუმანიტარულები გავაძლიეროთ და მოდი ერთის ნაცვლად სამი ენა ვისწავლოთო. მაგრამ არა, თან მე, როგორც უფროსს, რატომღაც მეტს მთხოვდნენ და ორივეს მაგივრად მე ვიტუქსებოდი.

აი, სადაც არავინ კითხულობდა ჩვენს აკადემიურ მოსწრებას, ყოფაქცევას და მუსიკის გამოცდების შედეგებს, ბებია-ბაბუის სახლი იყო საფიჩხიაზე. იქ ჩვენ ვიყავით სამყაროს ცენტრი და ჩვენს ირგვლივ ბრუნავდა დედამიწა. გაფიქრებული არ გვქონდა სურვილი, რომ უკვე შესრულებული იყო. ნანატრ თოვლს ბაბუ ვერ მოიყვანდა, მაგრამ ათასში ერთხელ ხდებოდა სასწაული და ქუთაისიც თეთრად გადაპენტილი ეგებებოდა ახალ წელს. მაშინ ორმაგად გვიხაროდა, რადგან რიკოთი იკეტებოდა ხოლმე და მატარებლით გვიწევდა მგზავრობა. ეს იყო ენითაუწერელი სიხარული და რაღაც უჩვეულოს მოლოდინი. ვაგონის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები კარგი ფილმივით მივჩერებოდით სახურავდათოვლილ სახლებს, მათ სარკმელებში მოციმციმე შუქებს, ნაადრევად დაღამებულზე დაცარიელებულ ქუჩებს და ლიმონისფრად განათებულ სადგურებზე მატარებლის მომლოდინე ხალხს. ქუთაისის თოვლი კი თბილისისაზე სველი და წყალწყალა იყო, თოვლჭყაპი უფრო ეთქმოდა. მაგრამ ვინ დაეძებდა. თეთრი ხომ იყო და ცივი, გუნდები ხომ კეთდებოდა და ცხვირის ადგილზე სტაფილოგარჭობილ თოვლის ბაბუასაც შეაკოწიწებდი მონდომებული ბავშვი ეზოში.

ავირბენდით სახლში ხელ-ფეხგაყინულები და ბედნიერები და იქ ბებიაჩვენის საოცარი ხელიდან გამოსული კულინარიული შედევრები გვხვდებოდა, გოზინაყთან, ჩურჩხელებთან და ფელამუშთან ერთად.

და ის „გრილიაჟი“ და „დათუნია“, მაშინ რომ ძლივს შოულობდნენ და ახლა ყოველ ნაბიჯზე ყრია, ჩემთვის დღესაც ახალი წლის სიმბოლოებიდან ერთ-ერთი პირველთაგანია და 31-ში სხვა კანფეტებს არც ვყიდულობ.

საღამოს თუ ისევ წამოთოვდა, არც ტელევიზორი გვახსოვდა, არც წიგნები. სანამ ძილის დრო არ დაგვიდგებოდა, ვისხედით ფანჯარასთან და სათითაოდ ვითვლიდით ერევნის ქუჩის ლამპიონების გაცრეცილ შუქზე როგორ მშვიდად ტრიალებდნენ სხვადასხვა ზომის ფიფქები ჰაერში და აუჩქარებლად ეშვებოდნენ ქვაფენილზე, რომლის პრიალა ქვებს ჯერ ტალღისებურად ედებოდა თოვლის საფარველი, შემდეგ ჩაღრმავებულ ადგილებსაც თოვლი ავსებდა და ყველა ხმას ახშობდა.

აი, ეს იყო სიჩუმე, ყველა სხვა ხმისგან რომ ისვენებს სული და ხორცი და ეს იყო სიმშვიდე, რომელსაც მაშინ ვერ აფასებ, რომელიც იქ, ბავშვობაში რჩება და მთელი მომდევნო ცხოვრება რასაც არ უნდა მიაღწიო, რომელი შვეიცარიის ალპებშიც არ უნდა ეძიო რელაქსი, რა მონბლანის ხედითაც არ უნდა დატკბე ღია ცის ქვეშ ცხელ ჯაკუზში მოლივლივე, სხვისი არ ვიცი და მე დაუფიქრებლად გავცვლიდი 70-იანი წლების ქუთაისის რომელიმე, თოვლიან ახალ წელზე, ჩემს მაგივრად რომ სხვები ფიქრობდნენ, ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი ცოცხლები იყვნენ და ერთადერთი რაც მევალებოდა იმ ბედნიერი ბავშვობით დატკბობა იყო,“ - წერს თეა გვასალია.

შეიძლება დაინტერესდეთ

შვილთან მეგობრული ურთიერთობა მშობლისა და ბავშვის აბსოლუტურ თანასწორობას არ გულისხმობს

შვილთან მეგობრული ურთიერთობა მშობლისა და ბავშვის აბსოლუტურ თანასწორობას არ გულისხმობს

მშობლებს შვილებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების პრობლემა ხშირად აქვთ. უფროსები, რომლებიც ბავშვებთან მეტისმეტად ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან, შვილებთან ურთიერთობისას დისციპლინისა და წესრიგის დამყარებას რთულად ახერხებენ.თუ თქვენს შვილთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ და მასთან ყველაფერზე გულახდილად საუბრობთ, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების გამო ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. კვლევებით დგინდება, რომ განქორწინებულ დედებთან მცხოვრები გოგონები ხშირად განიცდიან სტრესს, რადგან დედები მათ ფინანსურ და პირად პრობლემებზე გულახდილად ესაუბრებიან.

მშობელსა და შვილს შორის მეგობრობა ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ შვილთან მეგობრობა ურთიერთობაში ნებისმიერი სახის აკრძალვას გამორიცხავს, რის გამოც ბავშვი თავის ნებაზეა მიშვებული, შესაძლოა, მშობლის ზრუნვა და ყურადღებაც აკლდეს. კვლევებით დგინდება, რომ ბავშვები გაცილებით უკეთ იქცევიან, როდესაც მშობლები მათ მიმართ ზრუნვასა და ყურადღებას ავლენენ, ამასთან სიმკაცრესაც იჩენენ, რაც ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.

იმ მშობლების შვილებს, რომლებიც ბავშვებთან მეტისმეტად მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენენ და მათ არაფერს უკრძალავენ, საკუთარი ქმედებების კონტროლი უჭირთ. ბავშვები, რომლებიც თავიანთ ნებაზე არიან მიშვებული, კონფლიქტურ ვითარებაში უპირატესობას ძალადობასა და აგრესიას ანიჭებენ.

მეგობრობის კიდევ ერთი არასწორი გაგების თანახმად ბავშვი ზრდასრულის თანასწორად აღიქმება. მშობლები შვილებს გულახდილად ესაუბრებიან მისი ასაკისთვის შეუფერებელ თემებზე, რაც ბავშვებისთვის სტრესულია. ამასთან, ბავშვი მშობელთან მეტ სიახლოვეს ვერ გრძნობს იმის გამო, რომ მას ზრდასრულების პრობლემების შესახებ გულახდილად ესაუბრებიან.

მშობლებსა და შვილებს შორის ნამდვილი მეგობრობაც არსებობს. კვლევებით დგინდება, რომ ბავშვები, რომლებიც საკუთარ საიდუმლოებებს მშობლებს თამამად უმხელენ, მეგობრებს მარტივად იძენენ და ხარისხიან ურთიერთობებს ამყარებენ. კვლევებით ასევე დგინდება, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები ენდობიან, ოჯახში თავს ჰარმონიულად გრძნობენ და კარგი ქცევით გამოირჩევიან.

შვილთან მეგობრული ურთიერთობა მასთან ნებისმიერ საკითხზე გულახდილ საუბარს ან მშობლისა და ბავშვის აბსოლუტურ თანასწორობას სულაც არ გულისხმობს. მშობლებს შეუძლიათ შვილთან ახლო, მეგობრული ურთიერთობის დამყარებაც და ავტორიტეტის შენარჩუნებაც. აუცილებელი არ არის, რომ მეგობრები ყველაფერში თანასწორები იყვნენ.

მშობლისა და შვილის იდეალური მეგობრობა სითბოს, სიყვარულს, ნდობას და გარკვეულ საზღვრებს ეფუძნება. ბავშვისთვის, პირველ რიგში, დედა უნდა იყოთ და შემდეგ მეგობარი. შვილთან იდეალური ურთიერთობის დასამყარებლად:

  • მას ინდივიდად უნდა აღიქვამდეთ, რომელსაც საკუთარი მოსაზრებები აქვს.
  • შვილს მის განცდებზე, ფიქრებზე, იდეებსა და ოცნებებზე უნდა ესაუბროთ.
  • ბავშვს თქვენი პირადი აზრები და ფიქრებიც გაუზიარეთ, მაგრამ არასდროს ესაუბროთ მას მისი ასაკისთვის შეუფერებელ საკითხებსა და პრობლემებზე.

მშობლებსა და შვილებს შორის მეგობრობა თანამშრომლისა და მისი უფროსის, მოსწავლისა და მასწავლებლის მეგობრულ ურთიერთობას უნდა ჰგავდეს. ორივე მხარე ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს, ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებდეს, ერთმანეთისადმი ნდობას ამჟღავნებდეს. ამავე დროს ერთ-ერთი მხარე ყოველთვის ავტორიტეტად უნდა რჩებოდეს, რომელსაც, რიგ შემთხვევაში გარკვეული სახის აკრძალვების დაწესების ან შენიშვნის მიცემის შესაძლებლობა ექნება.

მშობლისა და შვილის მეგობრულ-ავტორიტეტული ურთიერთობის მოდელი განსაკუთრებით კარგად მუშაობს:

  • ინდუქციური დისციპლინის გამოყენების დროს(მშობელი ბავშვს უხსნის დაწესებული წესების და შეზღუდვების მიზანს, განუმარტავს ცუდი ქცევის მახასიათებლებს) ბავშვი ნაკლებად მიდრეკილია აგრესიისადმი, კარგად აკონტროლებს საკუთარ ქცევებს და მორალური ქმედებებით გამოირჩევა.
  • მეგობრული, რაციონალური, თანამგრძნობი მშობლები შვილებზე უდიდეს მორალურ ზეგავლენას ახდენენ. ავტორიტეტული მშობლების გაზრდილი ბავშვები მორალური გადაწყვეტილების მიღებისას თანატოლებს და გარშემომყოფებს ნაკლებად ბაძავენ. ისინი ყოველთვის მშობლების მაგალითით ხელმძღავენლობენ.
  • ნდობაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა მოზარდს საშიში ქმედებების ჩადენისგან იცავს. კვლევებით დგინდება, რომ თინეიჯერი გოგონები, რომლებსაც მშობლები ენდობიან, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში მაღალი თავშეკავებით გამოირჩევიან და თამბაქოსაც არ მოიხმარენ. ბიჭები, რომლებსაც მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ალკოჰოლს ნაკლებად ეტანებიან.

თითოეული ბავშვი მშობლის მხრიდან ინდივიდუალურ მიდგომას და დამოკიდებულებას საჭიროებს, თუმცა მეგობრულ-ავტორიტეტული მოდელი დასავლურ კულტურაში ყველაზე მეტად ამართლებს.

მომზადებულია ​parentingscience.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად