Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა,“ - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს

„ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა,“ - მარი მალაზონიას რეკომენდაციები მშობლებს

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის სწორი კვების რეჟიმის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლაში ბავშვმა ორი გაკვეთილის დასრულების შემდეგ ხემსი აუცილებლად უნდა მიირთვას:

„როდესაც ორი გაკვეთილი დასრულდება ​დილით, აუცილებლად სჭირდება ბავშვს ხემსი. იგივე პრინციპი უნდა დავიცვათ სახლის პირობებშიც, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება გამოკვებოს თავის ტვინი აუცილებელი საწვავით. ბავშვის ტვინისთვის მოშიება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მდგომარეობა, რომელიც უნდა ავიცილოთ თავიდან. კვების რეჟიმი გვეხმარება დროის ინტერვალების სწორად გადანაწილებაში.“

მარი მალაზონიამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რძის ნაწარმის უდიდეს მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:

„არაერთხელ გვითქვამს, რატომ არის მნიშვნელოვანი რძის ნაწარმი. ​რძის ნაწარმი თავის ტვინისთვის აუცილებელი ისეთი ნივთიერებებისგან შედგება, როგორიც არის ადვილად შეთვისებადი ცილა და ცილის გარეშე არაფერი შენდება. ცილის გარეშე არ მიმდინარეობს არცერთი პროცესი და მით უფრო, ყველა ამინომჟავის შემცველი ცილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.“

„გასათვალისწინებელია ასევე ​D ვიტამინის შემცველობა რძის ნაწარმში, ასევე A ვიტამინის, როგორც ზრდის ჰორმონის, რომელიც მზა სახით არის წარმოდგენილი მაწონში და ზოგადად რძის ნაწარმში. რძის ნაწარმში გარკვეული რაოდენობით გვაქვს E ვიტამინიც. ასევე გვაქვს, რაც მთავარია, ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის კალციუმი, ფოსფორი, გარკვეული რაოდენობით თუთიაც. მაწონი არის ძალიან კარგი ნაკრები ცოცხალი ორგანიზმების, მათთვის საკვების და მათი გადამუშავების პროდუქტების,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად