Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ღამის ენურეზი, შესაძლოა, ინფექციით იყოს პროვოცირებული. არის რამდენიმე მარტივი კვლევა,“- უროლოგი ზაზა ჭანტურაია

„ღამის ენურეზი, შესაძლოა, ინფექციით იყოს პროვოცირებული. არის რამდენიმე მარტივი კვლევა,“- უროლოგი ზაზა ჭანტურაია

უროლოგმა ზაზა ჭანტურაიამ ბავშვებში ღამის ენურეზის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად გვხვდება ენურეზი ღამის განმავლობაში:

„მარტივი შეკითხვა გვაქვს მშობელთან: ეს ერთხელ ხდება თუ რამდენჯერმე ღამის განმავლობაში? ტიპური, მონოსიმპტომური ღამის ენურეზია მხოლოდ ერთხელ. თუ ენურეზი არის ღამეში რამდენჯერმე, ეს ნიშნავს, რომ ბუშტის ტევადობა ძალიან პატარაა ან მართლა ძალიან დიდი რაოდენობით შარდს გამოჰყოფს ბავშვი. ძალიან იშვიათად, ​თუ ბავშვს აქვს უშაქრო დიაბეტი, შეიძლება ეს გამოვლინდეს.

ზაზა ჭანტურაიამ იმ კვლევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ღამის ენურეზის პრობლემის არსებობისას ბავშვებს უტარდებათ:

„არის რამდენიმე მარტივი კვლევა. ეს არის შარდის საერთო ანალიზი, რომ ინფექცია გამოირიცხოს, რადგან შეიძლება ეს ინფექციით იყოს პროვოცირებული. მეორე არის მოშარდვის დღიური, რაც ძალიან სასაცილო რამეა. მშობელს ვთხოვთ, რომ სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩაინიშნოს ბავშვმა რომელ საათზე რამდენი მილილიტრი მოშარდა. ამით ვადგენთ, შარდის გამოყოფა მისაღებია თუ არა. შესაძლოა, ეს იყოს დიეტური. ბავშვი, შესაძლოა, ისეთ მარილიან საკვებს მიირთმევდეს, რომ მერე ბევრ წყალს იღებდეს. წვენი დიდი რაოდენობით ელექტროლიტს შეიცავს. ბავშვს იმდენი ელექტროლიტი აქვს მიღებული, რომ იმის გამოყოფას თირკმელი ვერ აუდის და მთელი ღამე ჭარბად გამოდის შარდი.“

„თუ ბავშვი მოტივირებული არ არის, ძალიან რთულია ასეთი ბავშვის მენეჯმენტი. ვიღაც 10 წლის არის და სულ არ ადარდებს ეს ამბავი. ​თუ ბავშვმა არ მოინდომა, წამალი არ არსებობს, სამწუხაროდ. ყაბზობა ერთ-ერთი ხელშემწყობია და მისი პროფილაქტიკა აუცილებლად საჭიროა, პედიატრთანაც ვუშვებთ ბავშვს. უბრალოდ გადაყენებას აზრი არ აქვს მკურნალობის მხრივ. არის მეთოდი, რომ ბავშვმა ისწავლოს გაღვიძება. ეს საკმაოდ რთულია, თუმცა მიღებული სამკურნალო მეთოდია,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ჭანტურაიამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.

წყარო:​ „შუადღე GDS“

წაიკითხეთ სრულად