Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებს ნუ ანახებთ თქვენს გადარევას, არ არის ეს ბავშვისთვის კარგი. ნუ ასმენინებთ მათ აგრესიულ ტექსტებს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში „სხვა შუადღე“ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საუბრობს და მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს:

„ყველა გაღიზიანებულები ვართ. ზაფხული ისეთი იყო, დაგვავიწყდა ეს წყეული კორონა. ბუნებრივია, რომ ყველგან მატებაა. მსოფლიოში ყველგან ასეა, ველოდებოდი, რომ ასე იქნებოდა. ეს არის მოცემულობა. ახლა გინდა ინერვიულე და გინდა, ნუ ინერვიულებ. გინდა იჩხუბე, იყვირე, რაც გინდა ქენი, მაგრამ მოცემულობას ჩვენ ვერ შევცვლით. მე მესმის მშობლებისაც. წარმოიდგინეთ მშობლები, რომლებიც მუშაობენ, განსაკუთრებით პირველ კლასელების მშობლები. შევდივარ მათ მდგომარეობაში. ბავშვები, რომლებიც ელოდებოდნენ სკოლაში წასვლას, ეს ხომ ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენაა. უცებ ასეთი საშინელი იმედგაცრუება და ფრუსტრაცია მოვიდა. როდესაც ჩვენ ვართ გაღიზიანებულები, ბავშვებს ხომ კიდევ უფრო ვსტრესავთ. როდესაც მშობელი არის ასეთი გაღიზიანებული, ბავშვს ესმის მისი ტექსტები, რა დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბდეს მას სკოლის მიმართ?“

თამარ გაგოშიძის თქმით, ონლაინ სწავლებს უამრავი ემოციური პრობლემა ახლავს თან:

„რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ? მშობლების პოზიციიდან ვამბობ. მე არ ვარ მომხრე ონლაინ სწავლების, მე თვითონ ამის მსხვერპლი ვარ, როგორც უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელი. ჩემზე კარგად არავინ იცის, რა დამღლელი და გამომფიტავია მასწავლებლისთვის ეს. მასწავლებლები ვცდილობთ ეკრანი დავიჭიროთ, მივიპყროთ ყველა სტუდენტის ყურადღება. ვიღაცებს ფანჯრები დახურული აქვთ, ეს კიდევ უფრო მაგიჟებს, შავ კედელს ელაპარაკები. ძალიან სერიოზული ემოციური პრობლემები ახლავს ამას თან, დაძაბულობა, ენერგიის დახარჯვა. პირველ კლასელისთვის ონლაინ სივრცეში ყველა სახე უნდა ჩანდეს. მას გვერდით აუცილებლად უნდა ჰყავდეს მშობელი. ყველა მშობელი მუშაობს, მე არ ვიცი, როგორ მოახერხებენ ისინი ამ ყველაფერს.“

თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ დაწყებით კლასებში ბავშვებისთვის არავერბალური კომუნიკაცია აუცილებელია:

„პირველ კლასელებისა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის არავერბალური კომუნიკაცია არის წამყვანი. მათთვის ეს ყველაფერი დიდი დანაკლისია. ამ ასაკის ბავშვებისთვის შინაარსი და ცოდნა მოჰყვება რეალურ ურთიერთობებს, კომუნიკაციას მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. ექვსი წლის ბავშვს სჭირდება ფიზიკური კონტაქტი. მან დედა, ახლობელი უნდა ჩაანაცვლოს მასწავლებლით. მასწავლებელმა მისი ნდობა უნდა მოიპოვოს. ეს ხდება ფიზიკურად, სამწუხაროდ, ეს არ ხდება ვირტუალურად.“

„ახლა რეალობა ვირტუალურია, ამიტომ ჩემი რჩევაა, ბავშვებს ნუ ანახებთ თქვენს გადარევას. არ არის ეს ბავშვისთვის კარგი. ნუ ასმენინებთ ბავშვებს აგრესიულ ტექსტებს. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათ კლასში ცოტა ბავშვი უნდა ჰყავდეთ, რომ ყველას სახე იყოს დანახვადი, ყველას ვიდეო უნდა იყოს ჩართული. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბავშვებთან არაფორმალური კონტაქტი ონლაინ გაკვეთილის დროს,“ - აცხადებს თამარ გაგოშიძე.

წაიკითხეთ სრულად