Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს, რომ მაგნიტური ქვიშა იყოს გაცრილი, ამინდი - მზიანი და უქარო,“ - ექიმ ნელი კაკულიას რჩევები მშობლებს

„სჯობს, რომ მაგნიტური ქვიშა იყოს გაცრილი, ამინდი - მზიანი და უქარო,“ - ექიმ ნელი კაკულიას რჩევები მშობლებს

ექიმმა-კურორტოლოგმა ნელი კაკულიამ ზაფხულში ბავშვების დასვენების შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს მაგნიტური ქვიშის გამოყენების წესები გააცნო:

„ურეკს თავისი დანიშნულება აქვს. მაგნიტური ქვიშაა იქ. 30-40 მეტრის სიგანეზე არის ეს მაგნიტური ქვიშა. როგორც წესია, არ შეიძლება ბავშვის, არც ზრდასრულის თაკარა მზეზე გაყვანა. ბავშვი დილიდან 11 საათამდე უნდა გავიდეს მზეზე და საღამოს 6-ის შემდეგ. ურეკში ყველაფერს, არამარტო მაგნიტურ ქვიშას, ​მზეს, წყალს თავისი დანიშნულება აქვს. თუ სპეციალურად გვყავს ბავშვი წაყვანილი, სჯობს, რომ ქვიშა იყოს გაცრილი. მშობელი დილას დგება და ორმო კეთდება. მედალიონივით, ცოტა მოგრძო ორმო უნდა გაკეთდეს. უნდა იყოს მზიანი და უქარო ამინდი. ვაცდით, რომ ეს ქვიშა გათბეს და დაახლოებით, 10-11 საათისთვის შეიძლება, რომ ბავშვი ჩავსვათ ამ ორმოში.“

ნელი კაკულიას თქმით, ბავშვის კურორტზე წაყვანის უკუჩვენება არის ალერგია და მწავედ მიმდინარე დაავადებები:

„ალერგია არის ბავშვის კურორტზე წაყვანის უკუჩვენება. თუ წიწვოვან კურორტზე მიდის და ბავშვს აქვს ალერგია, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ბავშვს თანდაყოლილი რაიმე დაავადება აქვს, ასეთ შემთხვევაში მიზანმიმართულად უნდა მოხდეს მისი წაყვანა. თუ მწვავე ფორმაში აქვს ბავშვს დაავადება, ის საერთოდ არ მიდის არსად. ​დაბალი მთის კურორტზე კიდევ შეიძლება.“

„ძალიან ხალხმრავალ ადგილას მე მშობელს არ ვურჩევდი რეგულაციების გარეშეც ბავშვის წაყვანას. თუ ვინმეს აქვს ადგილობრივად აგარაკი, მრავალრიცხოვან ადგილას არ არის მიზანშეწონილი ბავშვის წაყვანა. ​ზღვას ყოველთვის თან მოჰყვება ხოლმე თავისი დაავადებები. ეს არის ენტეროვირუსი. ის წყლიდან კი არ მოდის, მოდის ქვიშიდან, რომელშიც ბავშვი თამაშობს. ქვიშა მაინც ბინძურდება. არის კოვიდის საშიშროება და ამას ემატება, თუ ბავშვი აცრილი არ არის, ქვიშის საშიშროებაც, ენტეროვირუსის საშიშროებაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნელი კაკულიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“


წაიკითხეთ სრულად