Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

„სიზარმაცე ბავშვისთვის ვერასდროს ვერ არის არაფრის კეთება. წმინდა წყლის სიზარმაცე, როგორც ასეთი, არც არსებობს,“ - ანდრო დგებუაძე

„სიზარმაცე ბავშვისთვის ვერასდროს ვერ არის არაფრის კეთება. წმინდა წყლის სიზარმაცე, როგორც ასეთი, არც არსებობს,“ - ანდრო დგებუაძე

ფილოსოფოსმა ანდრო დგებუაძემ ტელეკომპანია იმედის" გადაცემაში „დილის შოუ“ სიზარმაცის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიზარმაცეს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს:

„სიზარმაცეა, როდესაც ძალა არ გაქვს იმის, რომ ადგე და საქმე გააკეთო. ზოგჯერ უძრაობაც გეზარება. ადამიანს რომ უთხრა: „დღესაც არაფერი გააკეთო, ხვალაც," შეიძლება ნევროზში გადავარდეს. ქართველებს გვაქვს ძალიან კარგი ფრაზა: „ნაბან წყალს ბავშვი არ გადააყოლო.“ ​რაღაც ელემენტები არის, რომლებიც სიზარმაცეს არ უნდა გადავაყოლოთ. მზერა ახლოს რომ მივიტანოთ, შემიძლია ვთქვა: სიზარმაცე მე მაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ქმედებაზე კი არ გადავიდე, ერთი წამით გავჩერდე. ამ წამში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, უფრო მეტ დაკვირვებას ვახერხებ.“

ანდრო დგებუაძის თქმით, სიზარმაცე ადამიანს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს:

„3 წამი სიზარმაცე არის ღვთაებრივი სიზარმაცე. თითქოს დისტანციაში გტოვებს შენსა და გარესამყაროს შორის. ამ დროს შენ გაქვს საშუალება გამოხვიდე, დააკვირდე და გაცილებით ცნობიერად შეხვიდე მერე.​ სიზარმაცე არ არის ადვილი ცნება. ჭკვიანი ადამიანი სიზარმაცეს გამოიყენებს ჭკვიანურად. ის, ვინც ზარმაცია და ის, ვისაც შეუძლია თავის სიზარმაცეს თვალები გაუსწოროს, დიდი ალბათობაა, რომ ეს ადამიანი კრეატიულია.“

ანდრო დგებუაძემ უპასუხისმგებლობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სიზარმაცე, შესაძლოა, უპასუხისმგებლობაში გადაიზარდოს:

„შეიძლება უპასუხისმგებლობაში გადავიდეს სიზარმაცე. სიზარმაცეს აქვს ნაბანი წყალიც, რომელიც უნდა გადავასხათ. სიზარმაცე კოსმიური მოვლენაა და არა ქართული. ​მეცადინეობა და სიბეჯითე არის მნიშვნელოვანი კუნთი, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიმუშაოს. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სისტემატიურია, მნიშვნელოვანია. ყოველ დღე 12 საათზე, რაც გინდა გააკეთე, ოღონდ გააკეთე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია მართო შენი თავი, არ იყო ყოველთვის დინებას მინდობილი.“

„რას აკეთებს ბავშვი, როდესაც არაფერს არ აკეთებს? მე, როდესაც არაფერს ვაკეთებდი, ვთამაშობდი. თამაშისას ფანტაზიაში მიდიხარ შორს და წარმოსახვას ავითარებ. ამ დროს ვიღაცისთვის ეს არის სიზარმაცე. ​რას აკეთებს ეს ბავშვი? არაფერს არ აკეთებს. ვიღაცისთვის არის: „აუ, რა მაგარია, როგორი ფანტაზია აქვს.“ სიზარმაცე ბავშვისთვის ვერასდროს ვერ არის არაფრის კეთება. წმინდა წყლის სიზარმაცე, როგორც ასეთი, არც არსებობს. იმ დროსაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ვფიქრობთ, რაღაცას ვაზროვნებთ,“ - აღნიშნა ანდრო დგებუაძემ.

წყარო: ​„დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად