Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებს, რომლებსაც გარკვეულ საგნებში ჩამორჩენა აქვთ და მასალის ათვისება უჭირთ, ზაფხულში დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ - ნიუ-იორკის მერი

ბავშვებს, რომლებსაც გარკვეულ საგნებში ჩამორჩენა აქვთ და მასალის ათვისება უჭირთ, ზაფხულში დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ - ნიუ-იორკის მერი
ნიუ-იორკის ხელისუფლებამ მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი წარმოადგინა. განათლების დეპარტამენტის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ვირტუალური საზაფხულო სწავლების პროგრამის შესახებ ისაუბრეს, რომელიც წარუმატებელი მოსწავლეების დახმარებას ისახავს მიზნად.

პანდემიის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ უმთავრეს მიზანს დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეების სრულფასოვნად დატვირთვა და მათთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს.

„ყველა მოსწავლე მიიღებს დახმარებას, რომელიც მას სჭირდება. ბავშვებს, რომლებსაც გარკვეულ საგნებში ჩამორჩენა აქვთ და მასალის ათვისება უჭირთ, ზაფხულში დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარებას შემოდგომაზეც აღმოუჩენენ,“ - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ.

ცვლილებათა უმრავლესობა სწორედ იმ მოსწავლეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული, რომლებსაც დაბალი ქულები აქვთ. ბავშვები, რომლებსაც საგნის სათანადო ცოდნა არ აქვთ, საზაფხულო სწავლების პროგრამაში ავტომატურად ჩაერთვებიან. აღნიშნული პროგრამა მერვე და მეთორმეტე კლასელ ბავშვებზეც ვრცელდება, რომლებიც დამამთავრებელ კლასებს მიეკუთვნებიან. ისინი დამატებით გაკვეთილებს აგვისტოს თვემდე მიიღებენ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის შეფასების განსხვავებული მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება. დაწყებითი კლასის მოსწავლეები მხოლოდ ორი სახის შეფასებას მიიღებენ: „სტანდარტებს აკმაყოფილებს“ ან „გაუმჯობესება სჭირდება.“ მეხუთე-მერვე კლასელებსაც ამ ორი ნიშნულის მიხედვით შეაფასებენ, თუმცა მათ შეფასებას დამატებითი კრიტერიუმი ემატება. თუ მეხუთე-მერვე კლასელი მოსწავლე „მიმდინარე კურსის“ კატეგორიაში მოხვდება, მას დამატებითი საზაფხულო და საშემოდგომო პროგრამის გავლა მოუწევს. მაღალ კლასებში მოსწავლეები სტანდარტულად შეფასდებიან, მაგრამ მათ მიერ მიღებული შეფასებები GPA-ზე გავლენას არ იქონიებს. მოსწავლეები საგნებს ან ჩააბარებენ, ან მათი გავლა ხელახლა მოუწევთ, თუმცა ეს ქულების საშუალო მაჩვენებელზე არ აისახება.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებს 2021 წლის იანვრამდე საკურსო ნაშრომები, პრეზენტაციები და გამოცდები ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტი 247 000 მოსწავლეს Ipad-ებს გადასცემს, რათა მათ ინტერნეტთან მუდმივი წვდომა ჰქონდეთ და სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. ოჯახებს, რომლებსაც სახლში კომპიუტერი არ აქვთ, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა მოუწევთ, რათა Ipad-ები მოითხოვონ.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის დამთავრებას საზეიმოდ ვერ აღნიშნავენ, ფართომასშტაბიან ვირტუალურ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. „მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელიც ძალიან განსაკუთრებული იქნება.“ - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ბილ დელ ბლაზიო სკოლის მოსწავლეებს ტვიტერზეც გამოეხმაურა: „თუ გრძნობთ, რომ ბევრ სირთულესთან გიწევთ გამკლავება, იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენი გვესმის. ამ გზაზე მარტო არ ხართ, ჩვენ ყველაფერში მხარს გიჭერთ. მე ვხედავ, როგორი შთამაგონებელი და ექსტრაორდინალური ადამიანები ხართ. წინ ნათელი მომავალია, რომელსაც თქვენ ქმნით. დიდი მადლობა!“

ვირტუალური ცერემონიის შესახებ მოსწავლეები დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებენ.


მომზადებულია ​edition.cnn.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად