Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.

აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც.

რაც შეეხება​ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს“ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

წაიკითხეთ სრულად