Baby Bag

იაპონელი მილიარდერი რომანტიკულ პარტნიორს ეძებს, რომელიც მასთან ერთად მთვარეზე იმოგზაურებს

იაპონელი მილიარდერი რომანტიკულ პარტნიორს ეძებს, რომელიც მასთან ერთად მთვარეზე იმოგზაურებს
იაპონელი მილიარდერი, რომელიც მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება, რომანტიკულ პარტნიორს ეძებს. ექსცენტრიკული ოლიგარქი იუსაკუ მაეზავა სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. „გინდათ გახდეთ „პირველი ქალბატონი,“ რომელიც მთვარეზე იმოგზაურებს?“ - ნათქვამია მაეზავას განცხადებაში.

მაეზავა დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა კოსმოსში მოგზაურობაზე. მილიარდერს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის ნახვა განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად სურს. მაეზავა მზად არის თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშიროს იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მთვარეზე გაემგზავრება. ის სერიოზული ურთიერთობისთვის ემზადება.

იუსაკუ მაეზავა ელონ მასკის Space X-ის მიერ შერჩეული პირველი ადამიანია, რომელიც მთვარეზე უნდა გაემგზავროს. მაეზავა სპეციალური მისიით მიემგზავრება, რომელიც 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.

იაპონელი მილიარდერი იმ ძირითად მოთხოვნებსაც გვიმხელს, რომელსაც მისი რჩეული აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს: მაეზავას რჩეული სულ ცოტა 20 წლის მაინც უნდა იყოს, მას პოზიტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ქალბატონი კოსმოსში მოგზაურობით ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული, მას სიცოცხლით ტკბობა უნდა შეეძლოს და რაც მთავარია, სამყაროში მშვიდობის დამყარებაზე უნდა ოცნებობდეს.

იუსაკუ მაეზავა იმედს გამოთქვამს, რომ თავისი რჩეულის პოვნას მარტის თვემდე შეძლებს. თვის დასაწყისში იაპონელმა მილიარდერმა კიდევ ერთი ექსცენტრიკული განცხადება გააკეთა. მან 9 მილიონი ამერიკული დოლარი მისი Twitter-ის გვერდის გამომწერებს საჩუქრად გადასცა, რადგან აინტერესებდა, რამდენად გააბედნიერებდა ამ ადამიანებს მოულოდნელი საჩუქრით. მაეზავამ აღნიშნული 9 მილიონი 1000 გამომწერზე გადაანაწილა. გამომწერები მან Twitter-ზე აქტიურობის მიხედვით შეაფასა. ადამიანებმა, რომლებიც მის პოსტებს აქტიურად აზიარებდნენ, მილიარდერისგან საჩუქრად საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღეს. „ეს ძალიან სერიოზული სოციალური ექსპერიმენტია“ - განაცხადა ექსცენტრიკულმა მილიარდერმა. მაეზავას იმედი აქვს, რომ Twitter-ის ექსპერიმენტი აკადემიკოსებისა და ეკონომისტების ყურადღებას მიიპყრობს. 

მომზადებულია ​nbcnews.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე

„ფიზიოლოგიური ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ," - პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ურჩია ჩვილებთან სურდოს შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენონ. მისი თქმით, ხსნარის დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია:

​ფიზიოლოგიური ხსნარი არის ჩვეულებრივი 0,9%-იანი მარილხსნარი, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებშიც დაამზადოთ. ახლა არ არის პრობლემა, გამოიძახებთ და მოგიტანენ, მაგრამ ჩემი ახალგაზრდობის დროს ასე არ იყო ხელმისაწვდომი. პროპორციულად ხსნარი 0,9 %-იანი უნდა გამოგვივიდეს, როდესაც თბილ წყალში ჩავყრით მარილს და გავამზადებთ ხსნარს.“

„ფიზიოლოგიური ხსნარი იყიდება ყველგან. ეს არ არის მედიკამენტი, ჩათვალეთ, რომ ბავშვს მარილწყალს ასხამთ. ყოველ ერთ საათში ერთხელ შეგვიძლია რამოდენიმე წვეთი ჩავასხათ ბავშვს. ​ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენება ცხვირის დასასველებლად და ლორწოვანი სეკრეტის გასათხელებლად, რომელიც უფრო ადვილად წამოვა ცხვირის ღრუდან,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად