Baby Bag

იაპონელი მილიარდერი რომანტიკულ პარტნიორს ეძებს, რომელიც მასთან ერთად მთვარეზე იმოგზაურებს

იაპონელი მილიარდერი რომანტიკულ პარტნიორს ეძებს, რომელიც მასთან ერთად მთვარეზე იმოგზაურებს
იაპონელი მილიარდერი, რომელიც მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება, რომანტიკულ პარტნიორს ეძებს. ექსცენტრიკული ოლიგარქი იუსაკუ მაეზავა სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. „გინდათ გახდეთ „პირველი ქალბატონი,“ რომელიც მთვარეზე იმოგზაურებს?“ - ნათქვამია მაეზავას განცხადებაში.

მაეზავა დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა კოსმოსში მოგზაურობაზე. მილიარდერს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის ნახვა განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად სურს. მაეზავა მზად არის თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშიროს იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მთვარეზე გაემგზავრება. ის სერიოზული ურთიერთობისთვის ემზადება.

იუსაკუ მაეზავა ელონ მასკის Space X-ის მიერ შერჩეული პირველი ადამიანია, რომელიც მთვარეზე უნდა გაემგზავროს. მაეზავა სპეციალური მისიით მიემგზავრება, რომელიც 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.

იაპონელი მილიარდერი იმ ძირითად მოთხოვნებსაც გვიმხელს, რომელსაც მისი რჩეული აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს: მაეზავას რჩეული სულ ცოტა 20 წლის მაინც უნდა იყოს, მას პოზიტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ქალბატონი კოსმოსში მოგზაურობით ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული, მას სიცოცხლით ტკბობა უნდა შეეძლოს და რაც მთავარია, სამყაროში მშვიდობის დამყარებაზე უნდა ოცნებობდეს.

იუსაკუ მაეზავა იმედს გამოთქვამს, რომ თავისი რჩეულის პოვნას მარტის თვემდე შეძლებს. თვის დასაწყისში იაპონელმა მილიარდერმა კიდევ ერთი ექსცენტრიკული განცხადება გააკეთა. მან 9 მილიონი ამერიკული დოლარი მისი Twitter-ის გვერდის გამომწერებს საჩუქრად გადასცა, რადგან აინტერესებდა, რამდენად გააბედნიერებდა ამ ადამიანებს მოულოდნელი საჩუქრით. მაეზავამ აღნიშნული 9 მილიონი 1000 გამომწერზე გადაანაწილა. გამომწერები მან Twitter-ზე აქტიურობის მიხედვით შეაფასა. ადამიანებმა, რომლებიც მის პოსტებს აქტიურად აზიარებდნენ, მილიარდერისგან საჩუქრად საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღეს. „ეს ძალიან სერიოზული სოციალური ექსპერიმენტია“ - განაცხადა ექსცენტრიკულმა მილიარდერმა. მაეზავას იმედი აქვს, რომ Twitter-ის ექსპერიმენტი აკადემიკოსებისა და ეკონომისტების ყურადღებას მიიპყრობს. 

მომზადებულია ​nbcnews.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მოხდება, თუ ბავშვი დესერტს ძირითად კერძამდე მიირთმევს?

რა მოხდება, თუ ბავშვი დესერტს  ძირითად კერძამდე მიირთმევს?

ბავშვებს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ. მშობლებმა კარგად იციან, რომ სადილობის შემდეგ პატარები მოუთმენლად ელიან მათ კუთვნილ დესერტს. როგორც აღმოჩნდა, დესერტის მირთმევის დრო ბავშვის ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. დესერტის მიღება ძირითადი კერძის მირთმევამდე პატარებისთვის სასარგებლოა.

  • ბავშვები დესერტს განსხვავებულად აღიქვამენ

ტკბილეული ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილია. ​ტკბილ საკვებს ბავშვებისთვის ბედნიერება მოაქვს. როდესაც ბავშვს დესერტს რეგულარულად სთავაზობთ, ის კვების რაციონის ნაწილი ხდება. ბავშვი ტკბილეულისადმი მოჭარბებულ ლტოლვას აღარ ავლენს. როდესაც ბავშვს ტკბილეულს იშვიათად სთავაზობენ, ის მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

  • ბავშვი ჯანსაღ წონას ინარჩუნებს

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძირითად კერძამდე დესერტის მიღება ბავშვებს ჭარბი კილოგრამების მოშორებაში ეხმარება. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტკბილი დესერტის მირთმევის შემდეგ ბავშვები ჭარბ საკვებს აღარ მიირთმევდნენ და გაცილებით მარტივად ნაყრდებოდნენ.

  • ბავშვები ჯანსაღი საკვების მირთმევას ამჯობინებენ

ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ​დესერტის მთავარ კერძამდე მირთმევა ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება. როდესაც ბავშვები ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ, ისინი ჭირვეულობენ და დესერტის მიღებას მოუთმენლად ელიან. თუ ბავშვი ჯერ დესერტს მიირთმევს, შემდეგ კი ჯანსაღ სადილს, ის გაცილებით კმაყოფილია.

  • ბავშვის განწყობა უმჯობესდება

დესერტებისადმი სიყვარულის გამოვლენა არავის უკვირს. ყველამ იცის, რომ ტკბილეული ჩვენს განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს. როდესაც ბავშვი დესერტს მიირთმევს და შემდეგ ძირითად კერძს ვაძლევთ, ​სადილი მთელი ოჯახისთვის ნაკლებად სტრესულია, რადგან პატარა ბედნიერია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ტკბილეულისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, მეგობრულები და ემპათიურები არიან.

მომზადებულია​ Brightside.me- ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად