Baby Bag

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ უჩვეულოდ დიდი ზომის ტყავის ფეხსაცმელი შეკერა. მისი თქმით, ადამიანები სოციალურ დისტანციას ნაკლებად იცავენ, რაც მას სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. მეწაღე თვლის, რომ მის მიერ შექმნილი 75 ზომა ფეხსაცმელი მოქალაქეებს დისტანციის დაცვაში ძალიან დაეხმარება. გრეგორ ლაპი 39 წელია მეწაღედ მუშაობს. მის მაღაზიაში ძირითადად სასცენო ფეხსაცმელი იყიდება, რომელიც მოცეკვავეებისა და მსახიობთა დასების შეკვეთით მზადდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა, გრეგორის ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო.

რუმინელი მეწაღე ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია. „ქუჩაში წესებს არავინ იცავს, ამის შემჩნევა ძალიან მარტივია. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, რომ ჩემი ბაღისთვის მცენარეების თესლები შემეძინა. იქ ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთის ახლოს იდგა. ადამიანები ჩემს შეკერილ ფეხსაცმელს რომ ატარებდნენ, დისტანციის დაცვა გაუმარტივდებოდათ,“ - აცხადებს გრეგორი.

მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ევროპული სტანდარტით 75 ზომაა, მისი ღირებულება კი 115 $-ია. გრეგორის თქმით, მან უკვე 5 შეკვეთა მიიღო.

სოციალურ ქსელებში ახალი სტილის ფეხსაცმელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ მომხარებელს გრეგორის იდეა ძალიან მოეწონა, ზოგი კი ფეხსაცმლის დანახვამ ძალიან გაამხიარულა. „აბსურდული და ბრწყინვალე“ - ასე დაახასიათეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გრეგორის მიერ შექმნილი ტრენდული ფეხსაცმელები.

მომზადებულია Independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში“ - რას წერს თსუ გარდაცვლილ გოგოზე?

„თამარ ბაჩალიაშვილი წარჩინებული სტუდენტი იყო, ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში“ - რას წერს თსუ გარდაცვლილ გოგოზე?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის სტუდენტის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს.

„თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში - უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება.

ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“, - აღნიშნულია 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წაიკითხეთ სრულად