Baby Bag

10 ზღაპარი, რომლებიც ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ

10 ზღაპარი, რომლებიც ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ

ქალთევზები, ფერიები, მოლაპარაკე ცხოველები და სხვა ჯადოსნური არსებები მხოლოდ ზღაპრებში გვინახავს. პატარებს ზღაპრული თავგადასავლები ძალიან უყვართ, გარდა ამისა, ისინი ზღაპრების დახმარებით სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობისა და სხვა მნიშვნელოვანი ფასეულობების შესახებ ცოდნასაც იძენენ. ჩვენს სტატიაში 10 მომაჯადოებელ ზღაპარს გაგაცნობთ, რომელიც ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ.

1. კონკია

კონკია ახალგაზრდა გოგონას შესახებ გვიამბობს, რომელსაც დედინაცვალი და დები ძალიან ცუდად ექცეოდნენ, თუმცა ეს მის პიროვნულ თვისებებზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა. ერთ დღეს მეფემ წვეულება მოაწყო და სამეფოს ყველა ახალგაზრდა ქალი მიიპატიჟა. დებისა და დედინაცვლის წინააღმდეგობის მიუხედავად, კონკია წვეულებაზე მაინც მივიდა, სადაც მან ახალგაზრდა პრინცის გული მოიგო. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ თავმდაბლობა ხასიათის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, რომლისთვისაც ცხოვრება მათ აუცილებლად დააჯილდოვებს.

2. ურჩხული და მზეთუნახავი

ფრანგული ზღაპრის გმირი მშვენიერი ბელი მამის ნაცვლად ურჩხულის სასახლეში ტყვეობაზე თანხმდება. თავდაპირველად მზეთუნახავს საშინელი არსება აშინებს და თრგუნავს, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი იცვლება. ურჩხული ულამაზესი ბელის მიმართ ყურადღებიანი და მოსიყვარულეა, რის გამოც ახალგაზრდა ქალს მის მიმართ გრძნობები უჩნდება. ურჩხული მოჯადოებული პრინცია, რომელიც საკუთარი თავისადმი გადაჭარბებული სიყვარულის გამო ისჯება. მას მხოლოდ სიყვარული თუ გადაარჩენს. მშვენიერი ბელის დახმარებით ის საკუთარი გარეგნობის დაბრუნებას შეძლებს. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ ეგოიზმი მათთვის ცუდი შედეგების მომტანია.

3. მძინარე მზეთუნახავი

ზღაპრის მთავარი გმირი პრინცესა ავრორაა. ის მეფისა და დედოფლის ნანატრი შვილია. ბავშვის დაბადებამ მშობლები ისე გაახარა, რომ მათ უზარმაზარი წვეულება მოაწყვეს, რომელზეც ყველა ფერია მიიპატიჟეს, თუმცა ბოროტი ჯადოქრის მოწვევა დაავიწყდათ. განაწყენებულმა ჯადოქარმა პრინცესა დაწყევლა და ის ღრმა ძილით დააძინა. მშობლებმა გოგონას გამოღვიძება ვერაფრით შეძლეს. ერთადერთი, ვინც ჯადოქრის წყევლაზე ძლიერი აღმოჩნდა ახალგაზრდა პრინცი იყო, რომელმაც მზეთუნახავ ავრორას აკოცა, პრინცესამ ღრმა ძილს თავი დააღწია. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ ბოროტების დამარცხება ყოველთვის შესაძლებელია.

4. რაპუნცელი

ღარიბმა ცოლ-ქმარმა ჯადოქრის ეზოდან ვაშლი მოიპარა. გაბრაზებულმა ჯადოქარმა მათ ახალდაბადებული ქალიშვილი წაართვა. გოგონას რაპუნცელი ერქვა. ის ულამაზესი იყო და არაჩვეულებრივად მღეროდა. ჯადოქარმა რაპუნცელი უზარმაზად კოშკში გამოკეტა, საიდანაც მას თავის დახსნა არ შეეძლო. ჯადოქარი გოგონას გრძელ თმას ეჭიდებოდა და კოშკში ამ გზით შედიოდა. ერთ დღეს კოშკთან ახლოს მიმავალმა პრინცმა რაპუნცელის სიმღერის ხმა გაიგო და მასთან შესვლა მოახერხა. მათ ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ. მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებულმა ჯადოქარმა ულამაზეს ტყვეს თმა შეჭრა და პრინცს კოშკში შესასვლელი გზა არ დაუტოვა, მან რაპუნცელის გადარჩენა მაინც შეძლო. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ ქურდობა უდიდესი დანაშაულია, რომელიც ადამიანისთვის ყოველთვის ცუდ შედეგს გამოიღებს.

5. ფიფქია და შვიდი ჯუჯა

ფიფქია თოვლივით თეთრი და ულამაზესი გოგონაა, რომელიც შურიანი დედინაცვლის სამიზნე ხდება. დედინაცვალი, რომელიც გამუდმებით სარკეში იყურება და კითხულობს, ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი სამყაროში, იგებს, რომ მას სილამაზით ფიფქია სჯობს. ის მონადირეს ფიფქიას მოკვლას დაავალებს, რომელიც გოგონას ვერ გაიმეტებს და ტყეში დამალვას ურჩევს, ფიფქია ჯუჯების ქოხში იწყებს ცხოვრებას. დედინაცვალი იგებს, რომ გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ფიფქიას მოწამლულ ვაშლს აჭმევს და გოგონა მძინარე სიკვდილს მიეცემა. ფიფქიას სიკვდილისგან ახალგაზრდა პრინცის კოცნა იხსნის. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ ფიზიკური სილამაზისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება ადამიანს სიმშვიდეს აკარგვინებს და სხვებისადმი ბოროტად განაწყობს.

6. პატარა ქალთევზა

პატარა ქალთევზა, რომელიც წყალქვეშა სამყაროს ბინადარია ადამიანების ცხოვრებით არის დაინტერესებული. ერთხელ ის ახალგაზრდა პრინცს სიკვდილისგან იხსნის, რის შემდეგაც გადაწყვეტს, რომ აუცილებლად ადამიანად უნდა იქცეს. საბოლოოდ ქალთევზა ოცნების ასრულებას შეძლებს და პრინცთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ზღაპარი ბავშვებს საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლას ასწავლის და მათ მამაც ადამიანებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

7. გოგონა და სამი დათვი

ცნობისმოყვარე ოქროსთმიანი გოგონა ტყეში სეირნობისას დათვების საკუთრებაში იჭრება. ის ამჩნევს, რომ სახლში არავინაა, მაგიდაზე დატოვებულ ფაფას მიირთმევს, პატარა დათვის სკამს გატეხავს და საწოლზე უნებართვოდ იძინებს. როდესაც შინ დაბრუნებულ დათვებს დაინახავს, გოგონა შიშისგან ფანჯრიდან გადახტება და გარბის. ზღაპარი ბავშვებს სხვისი საკუთრების პატივისცემას ასწავლის.

8. პრინცესა და ბარდა

პრინცი საცოლეს ეძებს, თუმცა ის ცოლად მხოლოდ ნამდვილ პრინცესას შეირთავს. ერთ საღამოს მის სასახლეში გოგონა მოდის, რომელიც თავშესაფარს ითხოვს. პრინცის დედა საწოლში ბარდის მარცვლებს ჩაყრის და გოგონა იძინებს. დილით პრინცესა უკმაყოფილებას გამოხატავს და ამბობს, რომ მოუხერხებელ საწოლზე იწვა. პრინცი და დედოფალი მიხვდებიან, რომ გოგონა ნამდვილი პრინცესაა, რადგან საწოლი მისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა. ზღაპარი ბავშვებს კრეატიულ აზროვნებას ასწავლის.

9. მახინჯი იხვის ჭუჭული

იხვის ჭუჭული არავის უყვარს, რადგან ის ლამაზი არ არის. ახლობლებისა და ოჯახის წევრებისგან მოძულებული ჭუკი სახლიდან მიდის და ხეტიალს იწყებს. მას ყველა დასცინის, რადგან ულამაზოა, თუმცა ერთ დღეს იხვის ჭუჭული მშვენიერ გედებს შეხვდება. ისინი მას ძალიან თბილად მიიღებენ. მალე იხვის ჭუკი აღმოაჩენს, რომ ის მშვენიერი გედია, რომელიც სინამდვილეში ძალიან ლამაზია. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ ცუდი გარეგნობის გამო სხვისი დაცინვა მიუღებელი საქციელია.

10. პრინცი ბაყაყი

მეფეს სამი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. ერთ-ერთ მათგანს ყველაზე მეტად ოქროს ბურთულით თამაში იტაცებს, რომელიც მას ჭაში ჩაუვარდება. ბურთულის ამოღებაში მისი დახმარება მხოლოდ ბაყაყს შეუძლია. დახმარების სანაცვლოდ ბაყაყი გოგონას თხოვს, რომ მასთან ერთად ჭამის, თამაშის და ცხოვრების უფლება მისცეს. პრინცესა ბაყაყს თხოვნას შეუსრულებს. ერთ დღეს ბაყაყი გოგონას ეტყვის, რომ ის მას სამუდამოდ დატოვებს, თუ პრინცესა მას ერთხელ კოცნის უფლებას მისცემს. პრინცესა ბაყაყს აკოცებს, ის კი მშვენიერ პრინცად გადაიქცევა, რომელიც მოჯადოებული იყო, პრინცესას კოცნამ კი ჯადოსგან გაათავისუფლა. ზღაპარი ბავშვებს სხვისთვის მიცემული პირობის შესრულებას ასწავლის.

ზღაპრების კითხვა ბავშვებს წარმოსახვას უვითარებს, პრობლემების გადაჭრაში ეხმარება, ღირებულებებს უყალიბებს და მათი წიგნიერების დონეს მნიშვნელოვნად ამაღლებს.

მომზადებულია Parenting.firstcry.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელაშვილი

ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელაშვილმა ბავშვების სიტყვის მარაგის გამდიდრების ტექნიკებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახებში, სადაც ცოტას საუბრობენ, ბავშვებს მწირი სიტყვის მარაგი აქვთ:

„კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახები ლინგვისტური კულტურით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არიან ოჯახები, რომლებიც ​მთელი დღის განმავლობაში თუ ერთი საათი ელაპარაკნენ ბავშვს, 2000 სიტყვას დებენ ამ ერთ საათში. ოჯახები, რომლებშიც უფრო ცოტას ლაპარაკობენ, 600 სიტყვას სთავაზობენ ბავშვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ სიტყვებსაც. ათ სიტყვაში თუ ცხრა პოზიტივია, ეს ბევრად უკეთესია.“

ნანა გეგელაშვილის თქმით, ნორმალურ პირობებში სამი წლის ბავშვის ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული:

„დათვლილია, რომ სამი წლის პერიოდში ბავშვების ტვინს ოთხი მილიონი სიტყვა აქვს გაგებული. იმ ოჯახების ბავშვებს კი, ვისაც ცოტას ესაუბრებიან - ერთი მილიონი. სამი მილიონი სიტყვა არის განსხვავება. კვლევებით დგინდება, რომ ბაღის ასაკში სამი წლის ბავშვმა თუ იცის 1500 სიტყვა,​ იმ ოჯახების ბავშვებმა, სადაც ნაკლებს საუბრობენ, იციან 500 სიტყვა. ეს პირდაპირ აისახება სასკოლო ასაკში. სიტყვის მარაგი თუ მწირი აქვს ბავშვს, კითხვა მისთვის არის წვალება.“

„ინტერნეტ სივრცეში არის სპეციალური ანიმაციები, რომლებიც ბავშვის სიტყვათა მარაგის განვითარებას უწყობს ხელს. თითქოს ეს მარტივი ანიმაციებია, მაგრამ ამის უკან ნეირომეცნიერება დგას. ასეთია მაგალითად „3 შაშვის“ ანიმაცია. „ს“-სა და „შ“-ს შორის განსხვავება ბავშვებს ხშირად უჭირთ. ეს ვითომ გასართობი ანიმაციაა, მაგრამ არის ტექნოლოგია. ასევე არის „ხარის“ ანიმაცია, სადაც ტექსტი არის გარითმული. ბავშვს ძალიან მოსწონს გარითმვა. თამაშების სახით მშობლებმა რომ გაალექსინონ ბავშვს სიტყვები, ძალიან კარგია. ერთი პატარა ანიმაციით ბავშვი უკვე ექვს სიტყვას სწავლობს,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად