Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება?

ბავშვის ცხოვრებაში მშობლის ზედმეტი ჩართულობა მას თავდაჯერებას ართმევს და დეპრესიისკენ უბიძგებს. ბავშვები, რომლებზეც მშობლები მეტისმეტად ზრუნავენ, ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის მზად არასდროს არიან. თუ ბავშვს შესაძლებლობას მისცემთ, რომ სირთულეებს თავად გაუმკლავდეთ, ამით მას მრავალმხრივ დაეხმარებით.

  • დამოუკიდებლობა ბავშვს განვითარებაში ეხმარება

ბავშვის ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც მას სირთულეებთან გამკლავება უწევს. ერთ-ერთია ხოხვის დაწყება. იატაკზე ხოხვისას ბავშვის ვესტიბულარული აპარატი ვითარდება, ის კოორდინაციის უნარს ივითარებს და სენსორულ უნარებსაც ხვეწს. გარდა ამისა, ხოხვის დაწყება ბავშვს პრობლემების გადაჭრას ასწავლის, მისი კოგნიტური უნარები კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ბავშვი მოძრაობაში არასდროს შეზღუდოთ. მას უსაფრთხო გარემო შეუქმენით და ნება მიეცით თავისუფლად იმოძრაოს.

  • დამოუკიდებელი ბავშვები პრობლემების გადაჭრას სწავლობენ

ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს პრობლემურ ვითარებასთან დამოუკიდებლად გამკლავება. თუ ის გადაწყვეტილების მიღებას მშობლის ჩარევის გარეშე ვერასდროს ახერხებს, მას პრობლემის გადაჭრა გაუჭირდება. შესაძლოა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისას ბავშვმა ბევრი შეცდომა დაუშვას, რაც აუცილებელია. ბავშვი არამხოლოდ გამარჯვებით, არამედ მარცხითაც სწავლობს.

  • დამოუკიდებლობა ბავშვს ემოციების მართვას ასწავლის

ბავშვმა ასაკის და ვითარების შესაბამისად მოქცევა უნდა ისწავლოს. ერთი წლის ბავშვისთვის გარეგან სტიმულებზე ტირილით რეაგირება სავსებით ბუნებრივია, თუმცა შედარებით მოზრდილი ბავშვები სხვაგვარად უნდა იქცეოდნენ. ბავშვს გარეგან სტიმულებზე განსხვავებული რეაქციის გამომჟღავნება უნდა ასწავლოთ და იმპულსურობა დააძლევინოთ.

  • დამოუკიდებელი ბავშვები გონიერები არიან

ბავშვთან ერთად რთული საშინაო დავალებების მომზადებისას მას უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე სარგებელს მოუტანთ. თქვენი დახმარებით შესრულებული დავალება თქვენს შვილს უფრო ჭკვიანს არ გახდის. ცუდი ნიშნის მიღება ბავშვს სწავლაში მეტად დაეხმარება. ამგვარად ის მომავალში შეცდომების დაშვებას მოერიდება და გააცნობიერებს, რომ წარუმატებლობა სამყაროს აღსასრულს არ ნიშნავს.

  • დამოუკიდებელი ბავშვი თვითრეგულაციას სწავლობს

წარუმატებლობა ბავშვისთვის ზოგჯერ აუცილებელიც არის. ამ დროს ის სწავლობს როგორ მოიქცეს, როდესაც თავს ცუდად გრძნობს. თუ ბავშვი წარუმატებლობის მიღებას არ ისწავლის, მას შფოთვა და დეპრესია შეაწუხებს. ცხოვრებაში წარუმატებლობა ყველა ადამიანს ხვდება. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ მიიღოს მარცხი მშვიდად და გაწონასწორებულად.

  • დამოუკიდებელმა ბავშვმა იცის, რომ სხვისთვის დახმარების თხოვნა მისაღები ქცევაა

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც დახმარება სჭირდება, ახლობელ ადამიანებს მორიდების ან შიშის გარეშე უნდა მიმართოს. შვილის სირთულეებისადმი მშობლის დამოკიდებულება ადეკვატური უნდა იყოს. როდესაც ბავშვი დახმარების თხოვნით მოგმართავთ, მას პოზიტიურად უნდა შეხვდეთ. როდესაც თქვენი შვილის ცხოვრებაში რაიმე სერიოზული ხდება, მას თქვენთან მოსვლის არ უნდა ეშინოდეს.

მომზადებულია ​brightside.me -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად