Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოიცადე, მოვიდეს მამა!“ - რატომ არ უნდა დავემუქროთ შვილებს მამის სახლში დაბრუნებით?

„მოიცადე, მოვიდეს მამა!“ - რატომ არ უნდა დავემუქროთ შვილებს მამის სახლში დაბრუნებით?

დედები ხშირად იყენებენ გამოთქმას: „მოიცადე, მოვიდეს მამა!“ ისინი ამ ცნობილ ფრაზას ბავშვების დასაშინებლად ამბობენ, რათა ბავშვებმა არასასურველი ქცევისგან თავი შეიკავონ. მამის მოსვლით ბავშვის დაშინება ტრადიციული „ხრიკია,“ რომლის გამოყენება თანამედროვე დედებმა უნდა შეწყვიტონ.

მამა ბავშვის თვალში ცუდ ადამიანად წარმოჩინდება

როდესაც დედები შვილის დასაშინებლად ამბობენ: „მოიცადე, მამა მოვიდეს!“ ისინი ბავშვს მამის ნეგატიურ ხატს უყალიბებენ. მამა ცუდი ადამიანის როლშია გამოყვანილი. ეს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. სახლში მოსული მამა იძულებული ხდება ბავშვის ნეგატიურ ქცევებს „გაუმკლავდეს,“ რაც შვილებთან ურთიერთობას აზიანებს.

ბავშვს მამის მიმართ შიში უჩნდება

მსგავსი ფრაზების ხშირად მოსმენა ბავშვს მამის მიმართ შიშის გრძნობას უნერგავს. ბავშვს არცერთი მშობლის არ უნდა ეშინოდეს. როდესაც თქვენ მას ეუბნებით, რომ მამა სახლში მოვა და მას პრობლემები შეექმნება, ის აცნობიერებს, რომ პრობლემებს მამისგან უნდა ელოდოს, რაც ბავშვში მშობლისადმი შიშის გრძნობას აჩენს. მსგავსი ფრაზები ბავშვს მთელი დღის განმავლობაში შფოთვაში ამყოფებს. თუ ბავშვი დილით დედისთვის მიუღებელ ქცევას გამოავლენს, ის საღამომდე შიშით ელის მამის მოსვლას და როგორც კი მამა კარს შემოაღებს, ბავშვის შიში პიკს აღწევს. ეს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

დედა ბავშვის თვალში სუსტად გამოიყურება

როდესაც დედა ბავშვს მამის მოსვლით ემუქრება, ის ამით მას უმტკიცებს, რომ თავად არ აქვს უნარი შვილი სწორად აღზარდოს და ის დისციპლინას აზიაროს. დედა მთლიანად მამაზეა დამოკიდებული, რომელიც სახლში დაბრუნებისას არსებულ ვითარებას მარტო უნდა გაუმკლავდეს. ეს ბავშვის თვალში დედას სუსტ ადამიანად წარმოაჩენს.

მამის მოსვლით დამუქრება ბავშვს აფიქრებინებს, რომ მას დედასთან ერთად ყოფნისას ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, რადგან დისციპლინისა და წესრიგის დამყარებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მამაა.

გირჩევთ ბავშვებს არასდროს დაემუქროთ „მამის სახლში დაბრუნებით,“ რადგან ეს დისციპლინის დამყარებაში ნაკლებად დაგეხმარებათ და ბავშვის ფსიქიკაზეც ნეგატიურად აისახება.

წყარო:​ Moms.com

წაიკითხეთ სრულად