Baby Bag

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე
სამი შვილის დედის ბლოგი

დღე 1-ლი - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით

ისევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ამჯერად, რვის ნახევარზე გამეღვიძა თუ გამაღვიძეს, ეგეც საკითხავია. წუხელ ნატამ გვიან დაიძინა და შესაბამისად, გამოუძინებელი ვარ. კიდევ კარგი, მას მაინც სძინავს.

დათა ადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა მეც უნდა წამოვდგე და ბავშვები გავაღვიძო, რათა ერთი ბაღში და მეორე სკოლაში წაიყვანოს. მანამდე კი...
უფროსს არაჟანი და ალადიკები უნდა, შუათანას კარაქიანი პური, დათას კი - ერბოკვერცხი. დავალება არც ისე რთულია, მთავარია, მისი შესრულებისას შემთხვევით სარკეში არ ჩამეხედოს და არ შევშინდე, საკუთარი თავის არ შემეშინდეს.
ჩაიდანი ადუღდა. ჩაი და ყავა დავასხი და ბავშვების ტანსაცმლების გამზადება დავიწყე, ცალი ხელით ქმრის პერანგს ვაუთოებ. ამჯერადაც არ გამომივიდა, მაგრამ ამ ერთ წვრილ, შავ ხაზს ყელზე მგონი ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ ახლა ესენი გავისტუმრო.
უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე სახლიდან გადიან და მეც მაქვს ნახევარი საათი, რომ ნატას გაღვიძებამდე თავს მივხედო. დათა უკვე მზადაა, ახლა ის ორი შვილი უნდა დავარწმუნო, რომ ის ჩაიცვან, რაც გავუმზადე. როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა არ ჭრის და ხელახლა მიწევს ტანსაცმლის კარადაში ხელების ფათური. არის - ცისფერი მაისური და ჭრელი შორტი შუათანას, ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი უფროსს, ესეც მანქანის გასაღები დათას. ჰო, კოცნა და კარის ჩაკეტვაღა დამრჩა. ვუალა!
მაგიდა ასალაგებელია, მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ, რა მეჩქარება. მგონი გუშინდელი ჭურჭელიც დასარეცხია. ამასაც მერე მივხედავ. ნატას გაღვიძებამდე წუთები რჩება. მეც წარმოუდგენელი სისწრაფით შევდივარ სააბაზანოში, ვიბან, ვიხეხავ კბილებს, ვიშრობ თმას, ვიცვამ ხალათას და გამოსულს ნატას ტირილის ხმა მესმის. გაიღვიძა.
ათი საათია. ნატას თავის სკამზე ზის და ჩემს ყოველ ლუკმას ათვალიერებს. არადა, უკვე ვაჭამე, მაგრამ მაინც ის უნდა, რაც მაგიდაზე დევს. ცოტაც და სასეირნოდ წავალთ. სულ ცოტაც, სანამ მზე გამოსულა და დაცხება. მგონი, მაგიდა ისევ ასალაგებელი დამრჩა.
ეზოში სანამ ყველა საქანელასა და სასრიალოს არ მოივლის, სახლში არ მომყვება. მეც, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ (მეზობლებს ისედაც მობეზრებული აქვთ ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიური სცენები) და მასთან ერთად ვსრიალებ, ვქანაობ, ვგორავ მიწაზე. სახლში მტვერში ამოსვრილები, თუმცა კმაყოფილები ვბრუნდებით. როგორც იქნა, მისი ძილის დროა.
პირველი საათია. მაგიდა ისევ ასალაგებელია, ჭურჭელი გასარეცხი, მაგრამ საჭმელიც მოსამზადებელი. მშიერ კუჭზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ მეც მაცივრისკენ ვიხრები და ინგრედიენტების მოძიებას ვიწყებ. დღეს რა გავაკეთო? ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნატას გაღვიძებამდე ძირითადი საქმის შესრულება მოვასწრო, თორემ მერე სხვა არაფრისთვის არ დამრჩება დრო და თან, ქმარ-შვილის სურვილები გავიხსენო. ნეტა, ყველიანი მაკარონი მითხრეს თუ მოხარშული სოსისი?
სამის ნახევარია. ნატას გაღვიძების დროა, რომ მეორე ძილიც მოასწროს დღეს, თორემ ბავშვების მეცადინეობას წითელი ხაზი გადაესმევა. სადილიც თითქმის მომზადდა. აჰ, მაგიდა დამრჩა ასალაგებელი, ჯანდაბა.
ხუთის ნახევარია. დათამ დამირეკა, რამე ხომ არ გამოვაყოლოო. კი, სიწყნარე, სიმშვიდე, ძილი, მყუდროობა და ბევრი თავისუფალი დრო-მეთქი, გავიფიქრე გულში, რეალურად კი - ნატასთვის ახალი ხილი, ბიჭებისთვის ტკბილეულობა და სახლისთვის პური. სულ ცოტა ხანიც და სახლი საომარ ადგილს დაემსგავსება, სადაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, შვილები კი - დარჩენისთვის. ვერაფერს ვიტყვი, life is beautiful.
ვსადილობთ. ნატამ დღეს ცუდად ჭამა. ვიცი, რომ ბროკოლი და ბოსტნეული არ უყვარს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. მშიერი არაა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ცუდად ჭამა, ამიტომ ახლა ზის და ყველს ლოღნის. უფროსს ათიანი მიუღია მათემატიკაში და ამ ამბით გახარებული „სადმე წაყვანას“ გვთხოვს (ეს შაბათ-კვირამდე გამორიცხულია) შუათანამ ბაღში თვლა ისწავლა და ახლა ენას ავარჯიშებს მაგიდასთან (არ ჩერდება). დათასთან ისევ ძველებურადაა ყველაფერი. ჩემთან ხომ მით უმეტეს.
საღამოა. უმცროსები ეზოში არიან მამასთან ერთად. მე და ჩემი ბიჭი კი ვმეცადინეობთ. ცოტაოდენი ცრემლის შემდეგ წიგნში წასაკითხი გვერდების რაოდენობაზე შევთანხმდით. მე (როგორც იქნა) მაგიდას ვალაგებ, ის კითხულობს. რამდენიმე ხნით სახლში ცოტა იდილიაა, შემდეგ დათას ნატა ამოჰყავს და ვცდილობ თან დავაძინო, თან წაკითხულსაც მივადევნო ყური. ნახევარი ჭურჭელი გაურეცხავი დამრჩა.
ცხრა საათია. ჩაის, გახუხული პურებისა და მულტფილმების დროა. რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე. დათას ისევ კვერცხი მოუნდა და ტაფასთან ნატასთან ერთად ვდგავარ, რომელსაც მაინცდამაინც ახლა გაახსენდა, რომ დედიკო ძალიან უყვარს. როგორც იქნა, ეს ბრძოლაც მოვიგე. მთავარი მაინც წინაა - ბანაობა და დაძინება. დათას ნატა მივაბარე და ბიჭებთან წყალში შესატოპად მოვემზადე. დღეს ჩემი ჯერია (ნეტა, ვინ მოიფიქრა ეს მორიგეობა, მე ხომ არა?!). ნახევარსაათიანი დივერსიის შედეგად მე სრულიად სველი და ბიჭები მშრალნი გამოვედით ოთახიდან. კიდევ კარგი, დღეს დათა აძინებს მათ. როგორ მაინტერესებს ჩემს დაწყებულ ზღაპარს როგორ გააგრძელებს, მაგრამ მოსასმენად არ მცალია, ნატას მაწონი სურს.
თერთმეტის ნახევარი. ნატას დავდევ, რომ დავბანო და დავაწვინო. ვიცი, რომ ჯერ არ დაიძინებს, მაგრამ საწოლში როცაა, ცოტა მშვიდად ვარ. დევნა მხოლოდ დათას ჩარევით სრულდება და „მამიკოს გოგო“ საწოლშია. როგორც იქნა!
თორმეტი საათია. ყველას სძინავს. სახლში საუკეთესო სიჩუმეა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო.

გაგრძელება იქნება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„რეცეპტული ენის დარღვევას ვხვდებით მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს სხვისგან მიღებული ინფორმაციის გაგება და გადამუშავება“

„რეცეპტული ენის დარღვევას ვხვდებით მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს სხვისგან მიღებული ინფორმაციის გაგება და გადამუშავება“

რეცეპტული ენის დარღვევაზე MomsEdu.ge-ს ფსიქოკონსულტანტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი თათული ბაკურაძე ესაუბრა.

- რა არის რეცეპტული ენის დარღვევა?

- როდესაც გვესმის ენის განვითარების დარღვევა, მასში არ იგულისხმება მეტყველებასთან, კერძოდ კი არტიკულაციასთან/გამოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები, ეს არის კომუნიკაციური უნარების დარღვევის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც შეიძლება იყოს რეცეპტული ენის დარღევა, ექსპრესიული ენის დარღვევა ან რეცეპტული და ექსპრესიული ენის დარღვევა ერთდროულად.

ბავშვებს უჭირთ ენის მნიშვნელობის აღქმა, მათ აქვთ ენის ცოდნასთან დაკავშირებული სირთულეები. ასეთ დროს ბავშვის სმენა წესრიგშია, მას ესმის ყველანაირ სიმაღლეზე ნათქვამი სიტყვა, თუმცა მაინც არ შეუძლია აზრი გამოიტანოს ნათქვამიდან და შესაბამისად, სწორ კონტექსტში დააბრუნოს პასუხი. რეცეპტული ენის დარღვევა ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს, როგორც ზეპირი საუბრის, ასევე დაწერილი ტექსტის გაგება. მათთვის სირთულეს წარმოადგენს სიტყვების მნიშვნელობების გაგება და მათი ფუნქციური დატვირთვის ცოდნა, შესაბამისად, რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს ხშირ შემთხვევაში უჭირს სხვისი საუბრის შინაარსის აღქმა.

- რა ნიშნებით გამოიხატება რეცეპტული ენის დარღვევა ბავშვებში?

- რეცეპტული ენის სირთულე არის განვითარების დარღვევა და ის ადრეული ბავშვობიდანვე შეიმჩნევა. ჩამოვთვალოთ ის ნიშნები, რაც შეიძლება ახასიათებდეს რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვს:

  • უყურადღებობა, როდესაც მას ესაუბრებიან;
  • უჭირს ინსტრუქციების შესრულება და მიმართული საუბრის გაგება;
  • უჭირს პასუხის გაცემა შეკითხვებზე;
  • ეჭრება და აწყვეტინებს სხვებს საუბარს;
  • საჭიროებს წინადადების ან შეკითხვის რამდენჯერმე გამეორებას ან გამარტივებული ენით თქმას;
  • მისი პასუხი ყოველთვის არ შეესაბამება დასმულ შეკითხვას;
  • წინადადების შინაარსს არასწორად იგებს;
  • ვერ აღიქვამს ხუმრობით ამ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ წინადადებას.

- რა უნარებია საჭირო, რათა რეცეპტული ენის განვითარებას ხელი შევუწყოთ?

როდესაც მშობელი ატყობს რომ ბავშვს აქვს გარკვეული სირთულეები ენის აღქმასა და პროდუცირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც მშობელმა უნდა გადადგას არის:

  • სმენის სკრინინგი, რათა გამოირიცხოს სმენასთან დაკავშირებული სირთულეები,
  • შემდეგ მიმართოს ენისა და მეტყველების თერაპევტს, რათა შეფასდეს ბავშვის ენობრივი განვითარება. სპეციალისტი შეძლებს დიფერენცირებას ენის დარღვევის რომელ სირთულესთან გვაქვს საქმე,
  • დაიწყოს ენისა და მეტყველების თერაპიები,
  • აქტიურად ჩაერთოს პროცესში ოჯახის ყველა წევრი.

რეცეპტული ენის შეფასება და დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა რაც უფრო ადრე მიმართავს მშობელი სპეციალისტს მით უკეთესია, რადგან მაქსიმალურად მოხდეს ენობრივი უნარების ათვისება და ენის განვითარების მიახლოება ბავშვის ქრონოლოგიურ ასაკთან. ამისათვის საჭიროა, როგორც ენისა და მეტყველების თერაპიების ინტენსიურად მიღება, ასევე, ოჯახის წევრების აქტიური ჩართვა პროცესში, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, მრავალფეროვანი სამეტყველო გარემო, საუბრით დატვირთული როლური თამაშები, მშობლის მხრიდან ბავშვის ჩართვა თავის ყოველდღიურ აქტივობებში, ეს იქნება სახლის დალაგება თუ საჭმლის მომზადება, ილუსტრირებული წიგნების თვალიერება და მასზე საინტერესო ზღაპრების მოფიქრება, ბევრი სეირნობა და ბუნებასთან პირისპირი კავშირი. ასეთ დროს, მშობელი თავადაც ბავშვი უნდა გახდეს, რადგან მათი თამაში და ურთიერთობა მაქსიმალურად ბუნებრივი, საინტერესო და „მადისაღმძვრელი“ იყოს პატარასთვის, რათა სურვილი გაუჩნდეს მოგბაძოთ და მაქსიმალურად ბევრი ისწავლოს თქვენგან.

- რაში შეიძლება შეუშალოს ბავშვს ხელი რეცეპტული ენის დარღვევამ?

- რეცეპტული ენის დარღვევის მქონე ბავშვებს უჭირთ ადამიანებთან დაკონტაქტება ბაღის, სკოლის ან ნებისმიერ სხვა გარემოში. ამან მათში შესაძლოა გამოიწვიოს სირცხვილის გრძნობა. სირთულე აქვთ, როგორც საკუთარი აზრის ზეპირად ან წერილობით გამოხატვის დროს, ასევე, სხვისი საუბრის აღქმაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სირთულეები ენობრივ განვითარებაში არ უკავშირდება ინტელექტუალურ დარღვევას, მათ შესაძლოა ჰქონდეთ საკმაოდ მაღალი ინტელექტი, თუმცა ამის გამოვლენაში ხელს უშლიდეთ მათი არასაკმარისად განვითარებული ენობრივი უნარები, რის გამოც ისინი შესაძლოა იყვნენ საკმაოდ ფრუსტრირებულები და იმედგაცრუებულები. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები, ისეთივე ჭკვიანები არიან, როგორც ისინი, ვისაც ეს სირთულე არ აღენიშნებათ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად