Baby Bag

„დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“ - როცა ქმრის დაბადების დღეა

„დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“ - როცა ქმრის დაბადების დღეა

სამი შვილის დედის ბლოგი - ნაწილი მე-3 (პირველი და მეორე ნაწილები იხილეთ ბმულზე დღე 1 - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით​„მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“)

დღე მე-3 - როცა შენი ქმრის დაბადების დღეა

მოკლედ, გუშინ დათას დაბადების დღე იყო, 35 წელი შეუსრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ოჯახმა ათი წელი, ხოლო შეყვარებულობამ, ურთიერთობამ, გაცნობა-გამოცნობამ კი 15 წელი მოილია. „ვახ, ძალიან მალე გადის დრო, ძალიან მალე“ - თუმცა ასეთი ნოსტალგიური და ემოციური ფრაზებისთვის გუშინ ნამდვილად არ მეცალა, რადგან დილიდან გვიან ღამემდე უამრავი უსარგებლო თუ სასარგებლო რამით ვიყავი დაკავებული. დავიწყოთ.
ორშაბათია. ზოგადად, ძალიან ცუდია, როცა შენს ქმარს დაბადების დღე აქვს და სამსახურში წასვლა მაინც უწევს. აი, day off რომ აეღო და სახლში დარჩენილიყო, უმჯობესი იქნებოდა, თუმცა მის გარეშე მისი სამსახური და პირიქით, ვერ ფუნქციონირებს და ამიტომ, კვირა საღამოს უკვე ვიცოდი, რაც მელოდა, როცა მისი ფრაზა - „დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“, მომესმა. კიდევ კარგი, სახლი დავალაგე (ეტყობოდა, მაინც რომ ოდესმე დალაგებული იყო) და ფარდებიც გავრეცხე.
დილით, სამსახურში წასვლამდე დათა ვაიძულე (მერე რა რომ იუბილარია, ბერდება მაინც) დედამისისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ პირველისთვის მოსულიყო. არა, დახმარება მართლა არ მაწყენდა, მაგრამ დათასთვის საჩუქარი უნდა მეყიდა და ეს ყველაფერი როგორმე დედამთილის მოსვლამდე უნდა მომესწრო, ამიტომ ფორა მჭირდებოდა („აქამდე სად იყავი?! ის ყველაფერს კარგს იმსახურებს! დედას სიამაყე! დედას ყველაფერი!“). როცა დათას ვემშვიდობებოდი, სიყვარულით აღსავსე თვალებით კიდევ ერთი თხოვნა დავაწიე და ბავშვების გაღვიძებას შევუდექი.
ნახევარ საათში მე და ჩემი შვილები მანქანაში ვისხედით და ერთად ვფიქრობდით, იმაზე თუ მამიკოს რა გაუხარდებოდა. სულ რაღაც ერთი საათი გვქონდა, რომ საჩუქარი გვეყიდა და სახლში დავბრუნებულიყავით. ბიჭებმა გადაწყვიტეს მამისთვის ისევ სითბო და სიყვარული ეჩუქებინათ (შეგროვებული ფულის ნაწილი უკვე გაფლანგეს და დანარჩენს ზაფხულისთვის ინახავდნენ), მე კი ახალი საფულისა და საათის ჩუქებაღა მოვიფიქრე (რამე კრეატიული ახალი წლებისთვის იყოს, ან მანამდეც შეიძლება). დაახლოებით ოცი წუთი ვარჩევდით საფულეს და საათს და როცა მანქანაში ჩავსხედით, ვიგრძენი, რომ მინდოდა ამ დღეს ყოველგვარი სტუმრების გარეშე ჩაევლო.
რა თქმა უნდა, ოლია დათქმულ დროს მოვიდა. კიდევ კარგი, დილით დატოვებული ჭურჭლის გარეცხვა მოვასწარი. სტუმრებს რვისთვის ველოდებოდით, შესაბამისად, ყავა მოვადუღე და ცოტა ხნით რძალ-დედამთილური საუბრები გაჩაღდა ჩემს სამზარეულოში. საუბრის დროს გაირკვა, რომ ოლიას მეზობლები უკვე მეორე გოგოს ათხოვებენ, მისი კატა ისევ ცუდად იქცევა (მადლობა ღმერთს, თორემ წამოიყვანდა) და დათას ოლიას ხაჭაპურები მონატრებია (ვიცოდი, რომ დათას მოფიქრებული იყო ოლიას სტუმრობა). შესაბამისად, ცოტა ხანში ოლია ცომს ზელდა და მე კიდევ პიცისთვის ინგრედიენტებს ვჭრიდი.
დაახლოებით სამი საათისთვის დათამ დარეკა და მითხრა, რომ ტორტზე გავლას ვერ ახერხებდა და მე უნდა გამევლო. სხვა რა გზა იყო, ოლიას გაზქურაზე ქვაბები, საწოლში ნატა და კომპიუტერთან ბიჭები დავუტოვე და საკონდიტროსკენ გავქანდი. სულ რაღაც ოცი წუთის საქმე ოლიას ზარისთანავე უსასრულოდ გაიწელა. პირველ დარეკვაზე, ახალი მწვანილის წამოღება მთხოვა, შემდეგ ჩემი ნაყიდი პომიდორი დაიწუნა, შემდეგზე ხსნადი ყავა მინდა ნამცხვრისთვისო (არადა, ვუთხარი რომ ტორტი გვქონდა შეკვეთილი) და ბოლოს როცა, უკვე აღარც თავი და აღარც ნერვები არ მქონდა არაფრის, კატის საჭმელიც მიყიდე, სახლში აღარ მაქვს და ბარემ ამოაყოლეო. კიდევ კარგი, სახლში მისვლისას ჩემი მეზობელი შემხვდა და ნავაჭრი ამატანინა, თორემ რამდენჯერ მომიწევდა იმ კიბეებზე სირბილი, ღმერთმა უწყის.
რვის ნახევრისთვის ყველაფერი მზად იყო. ეგ ცალკე აღსანიშნავია, თუ რის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მალე ისედაც დასრულდებოდა ეს დღეც და მე და ჩემი ოჯახი ბედნიერად გავაგრძელებდით ჩვენს ცხოვრებას. ოლიას ნაქები ხაჭაპურები, ასე ძალიან რომ მოენატრა ჩემს ქმარს, ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, სტუმრების მოსვლამდე მე და ბავშვებმა მივირთვით. მათ ცალკე მადლობა უნდა გადავუხადო, რომ ამ ბლოგში დიდი რაოდენობით არ მოხვდნენ და საოცარი სიმშვიდე და სიწყნარე გამოავლინეს გუშინ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, უთვალავი სადღეგრძელოების, რამდენიმე გატეხილი ჭიქის, მრავალხმიანი სიმღერების, ქართული და ლათინოამერიკული ცეკვების, გიტარის ვირტუოზული შესრულებისა და ნატას ორჯერ გაღვიძების შემდეგ სტუმრები დაიშალნენ. დამიტოვეს აურაცხელი საქმე (რომლის ნარჩენები დღესაც მისალაგებელია), სიყვარულით მთვრალი ქმარი, სახლში გასაყვანი დედამთილი და ორი შვილი, რომლებსაც დივანზე ჩაეძინათ.
დაახლოებით ორის ნახევარზე სახლი სახლს დაემსგავსა და სასტუმრო ოთახი - ოთახს. ოლიამ პატივი დამდო და სახლში ტაქსით წავიდა, სამაგიეროდ კატის საჭმელი დამიტოვა, ამაღამ სად ვატარო, ხვალ გამომიტანეო. დათას გაეღვიძა და ჭურჭლის გამშრალებაში სცადა მოხმარება, მაგრამ ისე მეძინებოდა, რომ ისიც შევიცოდე და ჩემი თავიც და ეგ საქმე დილისთვის გადავდე. საწოლში დათას, მისთვის ჯერ ისევ უცნობი საფულე და საათი გადავეცი და მადლობისთვის არც კი მომისმენია, ისე ჩამეძინა. ლოყაზე კოცნა კი ვიგრძენი, ესეც, შენი მადლობა.
რაც არ უნდა იყოს, არის რაღაცები, რის გამოც ღირს ცხოვრება, თუნდაც ეს მხოლოდ ლოყაზე კოცნა იყოს, დამღლელი დღის შემდეგ. 

სამი შვილის დედა თავისი ცხოვრების დეტალებს momsedu.ge-ს მეშვეობით კვლავ გაგიზიარებთ

შეიძლება დაინტერესდეთ