Baby Bag

„ხვალიდან სხვა სამყაროში ვინაცვლებთ - იქ, სადაც ყველგან ბავშვები და მათი მშობლები არიან“ - სამი შვილის დედის საზაფხულო არდადეგები

„ხვალიდან სხვა სამყაროში ვინაცვლებთ - იქ, სადაც ყველგან ბავშვები და მათი მშობლები არიან“ - სამი შვილის დედის საზაფხულო არდადეგები

სამი შვილის დედის ბლოგი - ნაწილი მე-5

(პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები იხილეთ ბმულზე დღე 1 - „როცა, ჩემი ოჯახი ​ნაწილობრივ​ გაიცანით“, „მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“, დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“ - როცა ქმრის დაბადების დღეა“​„ნატა საქანელიდან ჩამოვარდა და ახლა საავადმყოფოში მიჰყავდა მანქანით“...)

დღე მე-5 - როცა ბავშვები დასასვენებლად მიგყავს

უკვე მეათე წელია, ჩემი ზაფხული და ზამთარი მხოლოდ ბავშვებს უკავშირდება და მათ სურვილებზეა მორგებული. შესაბამისად, როგორც კი დათამ თავისი შვებულების შესახებ მაცნობა, მე გონებაში უკვე გადავთვალე თუ რამდენი დღის გატარება გვიწევდა კურორტზე და რამდენის - სოფელში.
პარასკევ დილით დათას სამსახურიდან დაურეკეს და ამცნეს, რომ ამ შაბათ-კვირასაც უნდა ემუშავა. არადა, საყიდლებზე უნდა წავსულიყავით, რადგან ორშაბათს ბიჭები და ნატა კურორტზე მიგვყავდა და ბევრი რამე გვქონდა საყიდელი. დათას დაღლილი სახის დანახვაზე მივხვდი, რომ მისთვის ახლა მხოლოდ დატვირთული შაბათ-კვირის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო და ჩემი თხოვნები არ გაჭრიდა. ამიტომ, ტელეფონი ავიღე და ოლიას დავურეკე, რათა საყიდლებზე გამომყოლოდა. ორი ობოლი კატისა და მათი აცრის ისტორიების შემდეგ დედამთილი დამთანხმდა, რომ ორიოდე საათი შვილიშვილებისთვის დაეთმო.
ზუსტად ნახევარ საათში მე, ბიჭები, ნატა და ოლია საყიდლების გრძელ და უსასრულო სიას ვებრძოდით, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. ისიც ცალკე აღსანიშნია, რომ ბავშვებთან ერთად საყიდლებზე სიარული ზედმეტი თავის ტკივილია, რადგან ამ დროს ჩვენს ისედაც გრძელ ნუსხას რამდენიმე უსარგებლო ნივთიც ემატება. რა თქმა უნდა, ჩემმა ბიჭებმა ზრდილობის წესების ცოდნის უმაღლესი დონე გამოავლინეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დამთანხმდნენ მანქანაში ჩაჯდომაზე, თუ ორივეს პულტით სამართავ თვითმფრინავს არ ვუყიდდი. საბოლოოდ, ბევრი სიარულისა და უამრავი კითხვის შემდგომ ჩემი საფულე საგრძნობლად შეთხელდა, მანქანის საბარგული გაივსო, ხოლო ნატას კოპი დაემჩნა შუბლზე (პულტიანი თვითმფრინავი დაეჯახა).
თუმცა, ყველაზე რთული საქმე წინ მელოდა - ბარგის ჩალაგება. ალბათ ყველა დედა გამიგებს, როცა ვიტყვი, თუ როგორ მეზარება ჩემი შვილების ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩალაგება. სამ შვილს სამი ჩემოდანი სჭირდება, არც მეტი, არც ნაკლები და რაც მთავარია, მათი ჩალაგებისას მათი აზრიც უნდა გაითვალისწინო და შედეგად ჩემოდანში ხვდება გატეხილი მანქანა, ლეგოს დეტალები, სათამაშო ტელეფონი, გახეული ფეხსაცმელი და კიდევ მილიონობით გამოუსადეგარი რამ. ამჯერად გამიმართლა და მხოლოდ ოლიას რჩევების გათვალისწინება მომიხდა - „ცივა და ქურთუკები ჩაალაგე“, „ეს ჯემპრი ძალიან თხელია“, „ეს ბოტები ნატას ძალიან არ უხდება“, „დათასთვის რა მიგაქვს? მის ჩემოდანს მე ჩავალაგებ“, „შენი ჩემოდანი დაეტევა? ალბათ, რაღაცების ამოლაგება მოგიწევს“ და ასე შემდეგ... მადლობა ღმერთს, ის თბილისში რჩება.
როცა ბარგის ჩალაგებას მოვრჩი, დათაც მოვიდა. ვახშმის დროს კიდევ ერთხელ გავიარეთ, თუ როგორ და რანაირად ვატარებდით ჩვენს ნანატრ დასვენებას ჩვენს შვილებთან ერთად ჯერ კურორტზე, შემდეგ კი ჩემთან - სოფელში. რადგანაც ბიჭებს ზღვა ძალიან უყვარდათ, რამდენიმე დღით იქაც გავივლიდით და ასე, მათ სიამოვნებაში გაივლიდა ეს ზაფხულიც.
კვირას ჩემი ბარგიც ჩავალაგე, რომელიც ერთ ზურგჩანთაშიც მშვენივრად მოთავსდა და დედას დავურეკე. დედა უკვე მერამდენე ზაფხულია ჩვენთან ერთად მოდის ყველგან, სადაც მისი შვილი და შვილიშვილები არიან. მასთან ერთად დასვენებას სხვა ხიბლი აქვს, რადგან თან მყავს ადამიანი, რომელსაც ჩემს შვილებს თვალდახუჭული ვანდობ. დედამ მითხრა, რომ წელს ჩამოსვლა რამდენიმე დღით დაუგვიანდებოდა, რადგან მეზობელი გარდაიცვალა და გასვენებამდე სოფლიდან ვერ წამოვიდოდა. რას ვიზამთ, რამდენიმე დღეს როგორმე გავძლებთ მის გარეშე.

ახლა უკვე ღამეა. რა თქმა უნდა, ყველას სძინავს და მე კომპიუტერთან ჩემი მორიგი დღის შესახებ ვწერ ამბებს. ჩალაგებული ჩემოდნები კარებთან აწყვია, სახლი მილაგებულია, ჭურჭელი (როგორც იქნა) საბოლოოდ დარეცხილი და ბავშვები და ქმარი დაბანილ-დავარცხნილები წვანან საწოლებში. ხვალიდან სხვა სამყაროში ვინაცვლებთ - იქ, სადაც ყველგან ბავშვები და მათი მშობლები არიან. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როდესაც კურორტზე ხარ და ბავშვები ისვენებენ - ანუ საზაფხულო არდადეგები სამ შვილთან ერთად

როდესაც კურორტზე ხარ და ბავშვები ისვენებენ - ანუ საზაფხულო არდადეგები სამ შვილთან ერთად

სამი შვილის დედის ბლოგი - ნაწილი მე-6

(პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები იხილეთ ბმულზე დღე 1 - „როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით“, „მერე რა, რომ ვახშმის შემდგომ ჭურჭლის დარეცხვა ისევ დამეზარა, მერე რა, რომ ახლა ყველას ეძინა და მე სახლს ვალაგებდი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა“, დედაჩემი მოვა და მოგეხმარება“ - როცა ქმრის დაბადების დღეა“, „ნატა საქანელიდან ჩამოვარდა და ახლა საავადმყოფოში მიჰყავდა მანქანით“​„ხვალიდან სხვა სამყაროში ვინაცვლებთ - იქ, სადაც ყველგან ბავშვები და მათი მშობლები არიან“ - სამი შვილის დედის საზაფხულო არდადეგები“)

დღე მე-6 - როდესაც კურორტზე ხარ და ბავშვები ისვენებენ

კვირა დილაა. დღეს კურორტზე მივდივართ. დათამ დაიჟინა ადრე წავიდეთო და ყველანი შვიდზე წამოგვყარა, თუმცა „მამას გოგოს“ გაღვიძება მაინც ვერ მოახერხა და ახლა ყველანი ნატას გაღვიძებას ველოდებით. სანამ ჩემმა პატარა გოგომ თვალები გაახილა, მე საუზმე მოვამზადე და ბიჭები და დათა ვასაუზმე, შემდეგ ბარგი ქვემოთ ჩავიტანეთ და მანქანაში ჩავალაგეთ. ამასობაში ათი საათიც გახდა და სადღაც 11-ის ნახევრისთვის მე და ჩემი ბიჭები საყვედურით აღსასვე თვალით ვუყურებდით დათას, რომელიც ამაოდ ცდილობდა ნატას საწოლიდან გამოთრევას. საბოლოოდ, გზას თორმეტის ნახევრისკენ დავადექით და დაახლოებით სამ საათში კურორტზე ვიყავით.

სანამ ჩემს ქმარს ბარგი მეორე სართულზე აჰქონდა, მე და ნატამ სასტუმროს მეპატრონე მოვინახულეთ. ელენემ, რომელიც ჩემი და დათას ძველი მეგობარია, ორი სიტყვით თავისი ამბები მომიყვა და შემდეგ ოთახში ამაცილა. ოთახი ამჯერად მეორე სართულზე მდებარეობდა და სამ საწოლს, კარადას, თაროს და სააბაზანოს მოიცავდა. ბავშვებს ტანსაცმელი გამოვუცვალე და სადილის მოსამზადებლად ქვემოთ ჩავედი. საერთო სამზარეულოში რამდენიმე ნაცნობი ოჯახიც შევნიშნე. მიკითხ-მოკითხვების შემდეგ გაზქურასთან კუთვნილი ადგილი დავიკავე და ოჯახს, შეძლებისდაგვარად, სასიამოვნო სადილით გავუმასპინძლდი.
დანარჩენი დღეები თითქოს ერთმანეთს ჰგავდა. ჩემი, დათასი და ბავშვების ცხოვრება დილის თერთმეტის ნახევარზე იწყებოდა, შემდეგ საუზმე, ქალაქში გასეირნება, ნატას ძილი, სადილი, საღამოს მინდორი, პარკი და ბავშვების გემოვნების დაკმაყოფილება, ვახშამი, სასტუმროს ეზოში თამაში და ისევ, თერთმეტის ნახევარზე დაბანა, დაძინება, დასვენება.
ეს რუტინა ცოტათი მაშინ შეიცვალა, როცა დედა ჩამოვიდა და მეც და დათამაც ცოტა ამოვისუნთქეთ. ბიჭები საკმარისად დიდები იყვნენ იმისთვის, რომ თავიანთი თავისთვის მიეხედათ და შესაბამისად, მათ მხოლოდ ჭამისთვის ვეძახდით. ერთადერთი, ვისაც ყურადღება და მოფერება სჭირდებოდა, ნატა იყო. მისი გაღვიძებისას იწყებოდა ჩვენთვის დილა და საღამოსაც, ანალოგიურად, როცა ის იძინებდა, შეთანხმებულებივით, ვიძინებდით ჩვენ.
დედას ჩამოსვლამ ჩემი საქმეც შეამსუბუქა, რადგან საჭმლის კეთება აღარ მიწევდა და მთლიანად ნატას მოვლაზე ვიყავი გადართული. მიუხედავად ამისა, იქ ყოველი დღე მაინც დამღლელი იყო. დღის მანძილზე ნატა დაახლოებით ათჯერ მაინც ადიოდა და ჩამოდიოდა კიბეებზე, დარბოდა ეზოში, სეირნობისას ხელით ვატარებდით, რადგან ფეხით წამოსვლა არ სურდა, ჭამის დროს უკან დავსდევდი კოვზით ხელში (მაგიდასთან მხოლოდ მაშინ ჭამდა, როცა ძალიან შიოდა), დაძინებისას, რა თქმა უნდა, მთელი სასტუმროს გასაგონად მიწევდა იავნანას სიმღერა. რაც შეეხება ბიჭებს, მათი მოვლა-პატრონობა დათასთვის მქონდა ჩაბარებული და ისიც მორჩილად იტანდა მათ ხუმრობებსა და ოინებს. პირველივე დღეს, ვახშმობის შემდეგ ისეთი თამაშობა გამართეს უკანა ეზოში, რომ იმ დღესვე დავიმსახურეთ ყველაზე ხმაურიანი ოჯახის სახელი, რომელსაც უკვე ამაყადაც კი ვატარებთ.
ღამით, როცა ბავშვები დაიძინებდნენ, საწოლიდან ჩუმად ვიპარებოდი და ელენესთან და სხვა დედებთან ერთად ვჭორაობდი. იშვიათად ამ ჭორაობას თან მარტინი და ტკბილეულიც ერთვოდა და მერე ჩემს საბრალო ქმარს უწევდა ჩემი ატანა მთელი ღამე. ასეთ დროს განსაკუთრებულად ვგრძნობდი, რომ ძალიან მიყვარდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზღვრების ფარგლებში ხდებოდა, რადგან ნატა ღამით ორ-სამჯერ ჯერ კიდევ მაღვიძებდა და შიმშილის დაკმაყოფილებას მთხოვდა.
როგორც თბილისში, არც აქ მხიბლავდა წვიმიანი დღეები, რადგან ეს ნიშნავდა - ტალახიან ოთახს, სველ იატაკს, ბევრ ხმაურს სასტუმროში, სიზარმაცეს, გაღიზიანებულ ნატას და ჯოკრის მოთამაშე ქმარს, სხვა მამებთან ერთად რომ იჯდა მანამდე, სანამ ბიჭები „თავს არ გავიდოდნენ“.
სამაგიეროდ, მზიანი დღეები მთელი ოჯახისთვის ნეტარება იყო და ჩვენც ხომ ზუსტად ამისთვის დაგვყავდა აქ ბავშვები, რომ მათ ტყისა და მთების ჰაერი ჩაესუნთქათ, ბევრი ერბინათ, ეთამაშათ და მშობლების ფული დაეხარჯათ.
აქ კიდევ ერთი კვირა დავრჩებით, შემდეგ კი სოფელში გადავინაცვლებთ. ერთი სული მაქვს საკუთარი სახლი ვნახო, მეზობლები მოვინახულო, მდინარეზე ჩავიდე, კლასელები მოვიკითხო და საერთოდ, მეც დავისვენო, თორემ აქ მე დასვენებისთვის არ მცალია, იქ კი იმდენი ადამიანი დამხვდება, რომ ჩემს სამ შვილსა და ქმარს უჩემოდაც მოუვლიან. მოკლედ, სულ მალე ახალი ბლოგი ჰამაკში, ლეღვის ხეების ჩრდილში და ცივი ყავით ხელში დაიწერება.

სამი შვილის დედა თავისი ცხოვრების დეტალებს momsedu.ge-ს მეშვეობით კვლავ გაგიზიარებთ

წაიკითხეთ სრულად